ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის – Human Rights Watch-ის ვრცელი დასკვნა დღეს ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ორგანიზაციამ კვლევა მიმდინარე წლის იანვარსა და თებერვალში ერაყის ქალაქ დოჰუკში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 20 გოგონა, რომლებმაც „ბოევიკებისგან“ გაქცევა შეძლეს.
Human Rights Watch-მა კვლევის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ძალების მხრიდან ორგანიზებული გაუპატიურების, სექსუალური ძალადობის, სექსუალური მონობის და იძულებითი ქორწინების სისტემა დოკუმენტურად გამოავლინა.
„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები იეზიდ ქალებსა და გოგონებს სექსუალურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ჯგუფურად აუპატიურებდნენ და სხვა საშინელ დანაშაულებებს სჩადიოდნენ. მათ, ვისაც გაუმართლათ და გაიქცნენ, მკურნალობა ესაჭიროებათ, რადგან წარმოუდგენელი ტრავმები გადაიტანეს“, – აცხადებს Human Rights Watch-ის ქალთა უფლებების განყოფილების დირექტორი ლისლ გერნთოლცი.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ქურთისტანის ხელმძღვანელობის და თემის ლიდერთა ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა 2014 წლის აგვისტოში ჩრდილო ერაყში ნინევეჰის პროვინციაში რამდენიმე ათასი იეზიდი მოქალაქე დაატყვევეს. თვითმხილველთა თქმით, მებრძოლები ახალგაზრდა ქალებსა და მოზარდ გოგონებს მათი ოჯახებისგან აცალკევებდნენ და ერაყსა და სირიაში ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰყავდათ.
იმ ქალების უმეტესობა, რომლებმაც „ბოევიკებისგან“ გაქცევა შეძლეს და რომლებიც Human Rights Watch-მა გამოკითხა, მათ შორის 12 წლის გოგონაც აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა რამდენჯერმე გააუპატიურეს, იძულებით იქორწინეს მათზე, რამდენჯერმე გაყიდეს ან საჩუქრის სახით „გაასხვისეს“. ტყვეობისას გოგონები სხვა ქალების შეურაცხყოფის მომსწრენიც გახდნენ.
Human Rights Watch-თან საუბარში 12 წლის გოგონა ჯალილა, რომლის ნამდვილი სახელიც კვლევაში განგებ არის შეცვლილი, აცხადებს, რომ მისმა თანასოფლელმა არაბმა მამაკაცებმა 2014 წლის აგვისტოში მისი ოჯახი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს გადასცეს. „ბოევიკებმა“ ჯალილა, მისი და და რძალი ოჯახის სხვა წევრებს დააშორეს და ერაყის ქალაქ თალ აფარში, შემდეგ კი ქალაქ მოსულში წაიყვანეს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ კი ჯალილა და მისი და სირიაში გადაიყვანეს.
„კაცები მოდიოდნენ და გვარჩევდნენ. როდესაც მოდიოდნენ, გვეუბნებოდნენ ავმდგარიყავით და შემდეგ ჩვენს სხეულებს სინჯავდნენ. გვეუბნებოდნენ, თმები გვეჩვენებინა. ისინი სცემდნენ იმ გოგონებს, ვინც უარს ეუბნებოდათ. ისინი გრძელ სამოსს, გრძელ თმას და დიდ წვერს ატარებდნენ“, – აცხადებს ჯალილა.
მისივე თქმით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლმა მას ხელი გაარტყა, როდესაც წინააღმდეგობა გაუწია.
„ვუთხარი არ შემხებოდა და ვეხვეწებოდი, რომ გავეშვი, ვთხოვდი, დედასთან წავეყვანე. ვეკთხებოდი, რა უნდოდა ჩემგან. მას ჩემთან სამი დღის განმავლობაში ჰქონდა სექსი“, – აცხადებს გოგონა.
მისივე თქმით, ტყვეობის პერიოდში 7 მებრძოლი „ფლობდა“ მას და ოთხმა მათგანმა ის მრავალჯერ გააუპატიურა.
„ზოგჯერ მყიდდნენ, ზოგჯერ საჩუქრად აძლევდნენ ჩემს თავს. ბოლო მამაკაცი ყველაზე საძაგელი იყო. ის ხელებსა და ფეხებს მიბამდა“, – ამბობს ჯალილა.
კიდევ ერთი 12 წლის გოგონა, ვაფა Human Rights Watch-თან საუბრისას აცხადებს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ის გასული წლის აგვისტოში მოიტაცეს. ის ჯერ ერაყში გადაჰყავდათ – ერთი ადგილიდან მეორეზე, შემდეგ კი სირიაში წაიყვანეს. ერთმა ასაკიანმა მებრძოლმა კი იგი დაარწმუნა, რომ არაფერს ავნებდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც არაერთხელ გააუპატიურა.
„მას ჩემს გვერდით ეძინა ხოლმე. მითხრა, რომ მისი არ უნდა შემშინებოდა, რადგან მის გოგონას ვგავდი. ერთ დღეს გავიღვიძე და ფეხები სისხლით მქონდა დასვრილი“, – იხსენებს 12 წლის გოგონა, რომელმაც ტყვეობაში 3 თვე გაატარა. მისი მშობლები, სამი ძმა და და კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან.
ქალები, რომლებიც სექსუალურ ძალადობას გადურჩნენ, აცხადებენ, რომ მუდმივი სტრესის ქვეშ იყვნენ და სხვა ქალების ტანჯვას უყურებდნენ.
Human Rights Watch-თან გოგონები თვითმკვლელობის მცდელობებზეც საუბრობენ. რამდენიმე გამოკითხულის თქმით, გაუპატიურების, იძულებითი ქორწინების ან სარწმუნოების იძულებით შეცვლის თავიდან არიდების მიზნით ტყვეობისას მათ თვითმკვლელობა სცადეს, ან სუიციდის მცდელობის შემსწრენი გახდნენ.
„სახლში რაღაც საწამლავი ვიპოვე. მისი სუნის მიხედვით მივხვდი, რომ ტოქსიკური სითხე იყო. ეს სითხე სხვა ქალებსაც მივეცი. ის წყალში შევურიეთ და აბაზანაში დავლიეთ. არც ერთი ჩვენგანი არ დაღუპულა, მაგრამ ძალიან ცუდად გავხდით. ზოგი მოიწამლა“, – აცხადებს 31 წლის რაშიდა.
ლეილა კი იხსენებს, რომ მან ტყვეობისას საკუთარი თვალით ნახა ორი გოგონა, რომელთაც ვენები მინის ნატეხით გადაიჭრეს. თვითმკვლელობა აბაზანაში ელექტროსადენით თავადაც სცადა.
„როდესაც მიმიხვდნენ, რას ვაკეთებდი ხის ნატეხით და მუშტებით მცემეს. თვალები დამისივდა, მკლავები გამილურჯდა. ხელბორკილებით დამაბეს, ტანსაცმელი გამხადეს და დამბანეს. შემდეგ აბაზანაში ჩემი მეგობარი შემოიყვანეს და ჩემს წინ გააუპატიურეს“, – ამბობს ლეილა.
მისივე თქმით, მოგვიანებით ისიც გააუპატიურეს, მან თავის მოკვლა ისევ სცადა. გოგონამ Human Rights Watch-ის თანამშრომელს ვენების გადაჭრის დროს მაჯებზე მიღებული ნაიარევიც აჩვენა.
გოგონებს, რომლებმაც ტყვეობას თავი დააღწიეს, სამედიცინო შემოწმება უტარდებათ. ადგილობრივი ექიმის თქმით, ქალებს ორსულობაზე და ინფექციურ დაავადებებზე ამოწმებენ. აბორტი ერაყში არალეგალურია. Human Rights Watch-ს ადგილობრივ ხელისუფლებაში განუცხადეს, რომ ქურთისტანის რეგიონში თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სხვა შემთხვევაში აბორტი დაუშვებელია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ქურთისტანის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯანდაცვის მუშაკებთან ერთად, სასწრაფოდ უნდა გაარკვიოს გარემოებები და რომ ტყვეობიდან გაქცეულ ქალებს აბორტის ლეგალურად გაკეთების უფლება მიეცეთ, რათა პატივის შელახვის შედეგად მიღებული სტრესის გამო თვითმკვლელობების რისკები თავიდან იყოს აცილებული.
„ამასთან, ადგილობრივმა ხელისუფლებამ რელიგიური და სხვა ლიდერებს უნდა მოუწოდოს, რომ მათ საკუთარ საზოგადოებაში კარგად მიიღონ ის ბავშვები, რომლების გაჩენასაც ძალადობის გზით დაორსულებული დედები გადაწყვეტენ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
Human Rights Watch-ის განცხადებით, მსგავსი ქმედებები, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ ახორციელებს, ომის კრიმინალია და შესაძლოა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის კატეგორიასაც განეკუთვნებოდეს.წყარო: “პირWელი”