ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, სამართალდარღვევის 57 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, სამართალდარღვევის 57 ფაქტი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააგენტოს მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან, 55 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 150 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 16 სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 4 – სამცხე-ჯავახეთის, 9 – გურიის, 11 – ქვემო ქართლის, 5 – კახეთის, მცხეთა-მთიანეთის – 6, სამეგრელო-ზემო სვანეთის – 3, ხოლო 1 – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

ამავე პერიოდში, სამეგრელო ზემო-სვანეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 2 ფაქტი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 510 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1350 კუბური მეტრი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 56 ფაქტი.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები