საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VI კონკურსი გაიმართება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 15-27 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა VI კონკურსი ჩატარდება. კონკურსზე მუსიკოსთა ახალი თაობაა წარმოდგენილი. მონაწილეობის სურვილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან 160-მდე კონკურსანტმა გამოთქვა. საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ 4 სპეციალობაში იმართება – საფორტეპიანო, სიმებიანი, ჩასაბერი და ვოკალი. გარდა ძირითადი კონკურსანტებისა, კონკურსში მონაწილეობენ (კონკურსგარეშე) 16 წლამდე ასაკის ბავშვები.
საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსს მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1995 წელს ჩაეყარა საფუძველი. მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსის გამარჯვებულებს შორის ისეთი ცნობილი შემსრულებლები არიან, როგორიცაა: გიორგი გაგნიძე, ანიტა რაჭველიშვილი; აშშ-სა და ევროპაში მოღვაწე მუსიკოსები: ქეთევან ბადრიძე, ვახტანგ ჟორდანია, ნატო წვერელი, ანა გოგავა, დავით ხრიკული, თეიმურაზ ბუხნიკაშვილი, გიორგი გვანცელაძე და სხვები. კონკურსის გენერალური სპონსორია „თი-ბი-სი“ ბანკი.