აღდგომასთან დაკავშირებით პენსიონერები აპრილის პენსიას მიმდინარე თვის 12 რიცხვამდე აიღებენ

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენსიონერები აპრილის კუთვნილ პენსიას მიმდინარე თვის 12 რიცხვამდე აიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“საქართველოს მთავრობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროების შეთანხმებით და “ლიბერთი” ბანკის მხარდაჭერით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ჩვენი პენსიონერები აპრილის თვის კუთვნილ პენსიას აიღებენ მიმდინარე თვის 12 რიცხვამდე. მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი თანხები გაიცემა ყოველი თვის 15-16 რიცხვში, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მხრიდან მიმდინარე წლის 7 აპრილს მომსახურე ბანკში (ლიბერთი) უკვე გადაირიცხა აღნიშნილი თანხები”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილს თანხა უკვე მიიღეს იმ პენსიონერებმა, რომლებთაც პენსია ერიცხებათ პლასტიკურ ბარათებზე, ხოლო დღეს, 11 აპრილს, პენსიის აღება შესაძლებელია “ლიბერთი” ბანკის ფილიალებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები