როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეების განმავლობაში
სინოპტიკოსების პროგნოზით, მომდევნო სამი დღე წვიმიანი იქნება.
როგორც „კვირას“გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა, 11, 12 და 13 აპრილს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, მცირედი წვიმის სახით.
კერძოდ, 11 აპრილს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონში კი – მოთოვს. ზოგან დასავლეთის ქარი იქროლებს. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-11 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთსა და კონკრეტულად კი ბარში – 8-13 გრადუსი.
თბილისში დილით იწვიმებს, ტემპერატურა კი 11 გრადუსი იქნება. 12 აპრილსაც ქვეყნის ზოგიერთ რაიონში – როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი დედაქალაქშიც. დასავლეთ საქართველოში დღისით 10-15 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში კი, კერძოდ, ბარში – 9-10 გრადუსი. დედაქალაქში ტემპერატურა 10-11 გრადუსი იქნება. 13 აპრილს წინა ორი დღის პროგნოზები გრძელდება. ქვეყნის უმეტეს რაიონში წვიმაა ნავარაუდები. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 16 გრადუსი, აღმოსავლეთში კი – 7-12 იქნება. თბილისშიც წვიმაა მოსალოდნელი. დედაქალაქში ტემპერატურა 9 გრადუსამდე დაეცემა.