„სახელმწიფო ბიუჯეტში მილიარდ 188,8 მილიონი ლარია მობილიზებული“

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდაარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარადგინა. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, ბიუჯეტში მობილიზებულია მილიარდ 188,8 მილიონი ლარი, რაც გასული წლის წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 233 მილიონი ლარით მეტია.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, პირველ ორ თვეში მობილიზებული თანხები პირველი კვარტლის გეგმის – 56,6, ხოლო წლიური გეგმის 13,1 პროცენტია, რაც აბსოლუტურად ჯდება წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის გადანაწილების პარამეტრებში.
როგორც ნოდარ ხადურმა განმარტა, 2014 წლის პირველ ორ თვეში, 2013 წელთან შედარებით,  საგადასახადო შემოსავლების სახით დაახლოებით 110 მილიონი ლარით მეტია მობილიზებული.
„საგადასახადო შემოსავლების ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 954 მილიონი ლარი შეადგინა. ეს არის წლიური გეგმის 14%, ეს შარშანდელთან შედარებით 100 მილიონით არის გადაჭარბებული და 40 მილიონი ლარით მეტია, ვიდრე წლევანდელი გეგმა პირველი ორი თვისთვის. აქედან იანვარში, შარშანდელ იანვართან შედარებით, 65 მილიონით მეტია შემოსავლები   და, შარშანდელ თებერვალთან შედარებით, დაახლოებით 35 მილიონით გაიზარდა თებერვლის შემოსავლები. ასევე გაზრდილია სახაზინო ვალდებულებების გამოშვება და ჩვენ უკვე დავიწყეთ ე.წ იაფი კრედიტის პროგრამა ბანკებისთვის. დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 88 მილიონი ლარია გამოშვებული. იანვარ-თებერვალში ეს იყო 44 მილიონი ლარი. პირველ ორ თვეში გაწეული ხარჯი შეადგენს მილიარდ 145 მილიონ ლარს, რაც გასული წლის მაჩვენებელს 154 მილიონი ლარით აღემატება. გასულ წელთან შედარებით ყველაზე მეტი მოცულობით გაზრდილია სოციალური ხარჯები, რაც გამოწვეულია იმით, რომ წელი გაზრდილი პენსიებით და გაზრდილი სოციალური ვალდებულებებით დავიწყეთ. გარდა ამისა, დაწყებულია დაღუპული მეომრების ოჯახებისთის 500 ლარიანი დახმარების გაცემა და ეს ყველაფერი ბიუჯეტის ხარჯებზე აისახა“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ნოდარ ხადურის ინფორმაციით, მცირე შეფერხება დაფიქსირდა კაპიტალურ ხარჯებში, რაც უამინდობით იყო გამოწვეული, თუმცა გასულ წელთან შედარებით ეს მიმართულებაც გაზრდილია.
მთავრობის კანცელარიაში საქართველოს მთავრობის სხომა მიმდინარეობს. მინისტთა კაბინეტი დღეს წესრიგით გათვალისწინებულ 40 საკითხს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები