ჯანდაცვის სამინისტროს ურთიერთგამომრიცხავი პასუხები – პაციენტმა ნათია სანთელაძემ სამინისტროსგან 15 ათასი ლარი მიიღო
29 წლის ნათია სანთელაძე, რომელიც უკვე მეხუთე თვეა უმძიმეს მდგომრეობაში სეფსისის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში წევს, საყოველთაო პროგრამით გათვალისწინებული 15 ათასი ლარის გარდა, სახელმწიფოსგან დაფინანსებაზე უარს იღებს. როგორც „კვირას“ პრესკლუბში ნათია სანთელაძის დედამ – თამარ სანთელაძემ განაცხადა, მათ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამიდან დეკემბერში 15 ათასი ლარი ჩაერიცხათ და მას შემდეგ დახმარება არ მიუღიათ. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავაც, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თამარ ბოდოკია ამბობს, რომ უწყებიდან სანთელაძის დასახმარებლად ორჯერ ჩაირიცხა 15 ათასი ლარი (ჯამში 30 ათასი).
„ნათია სანთელაძემ 2014-2015 წლების განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სამინისტროდან მიიღო 30 ათასლარიანი დაფინანსება. წინა წლის ლიმიტი – 15 ათასი ლარი და წლევანდელიც უკვე სრულად ამოიწურა. დასანანია, რომ ისე შუქდება, თითქოს სამინისტრო არ აფინანსებს. სამინისტრო რეფერალური პროგრამით ვეღარ აფინანსებს იმ პაციენტებს, ვისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აფინანსებს. მას ამოწურული აქვს 2014-2015 წლების საყოველთაოს 15 000 (ჯამში 30 000) -ლარიანი ლიმიტი, თებერვალში მომართა რეფერალური დახმარების პროგრამას, სადაც მოთხოვნილი თანხა შეადგენდა 25 950 ლარს. კომისიამ მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება, რადგან ვერ აფინანსებს ასეთ შემთხვევებს“, – აცხადებს ბოდოკია.
ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის სამმართველომ ნათია სანთელაძის ოჯახის წერილი მკურნალობის დაფინანსებაზე ორჯერ განიხილა, თუმცა თხოვნა არცერთ შემთხვევაში არ დააკმაყოფილა. ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პასუხში, რომელიც ოჯახმა მიიღო, არ არის განმარტებული, თუ რა მიზეზით ეთქვა უარი უმძიმეს პაციენტს დაფინასებაზე.
„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შემოსული განცხადების (№18876, 2015წ) პასუხად, რომელიც შეეხებოდა ნათია სანთელაძის პ/ნ 59001029931, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების საკითხს, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების თანახმად, „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი კომისიის 2015 წლის მარტის №9 სხდომის გადაწყვეტილებით, თხოვნა მკურნალობის დაფინანსების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კომისია, აღნიშნული დადგენილებისა და კომისიის წევრებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, სათანადო მონაცემების ანალიზის შემდეგ, განიხილავს და განსაზღვრავს დაფინანსების საკითხს. ვწუხვართ, რომ მოკლებული ვართ დახმარების შესაძლებლობას“, – აღნიშნულია ოფიციალურ პასუხში.
დუკუმენტს ხელს აწერს ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალური მომსახურების კომისიის სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა, რომელსაც დეტალური ინფორმაციის მისაღებად პორტალი „კვირა“ დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ნათია სანთელაძის მკურნალობისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 15 ათასი ლარი უკვე გადარიცხა და სამინისტროს ამ ეტაპზე მეტი ფინანსური დახმარება არ შეუძლია. „კვირამ“ ხათუნა ჩაჩავას რამდენიმე კითხვით მიმართა.
– რატომ მიიღო ნათია სანთელაძემ ჯანდაცვის სამინისტროსგან უარი მკურნალობის დაფინანსებაზე? გეცნობათ ამ პაციენტის ვინაობა?
– დიახ, ვიცი ეს საქმე.
– თქვენ ხელს აწერთ დოკუმენტს, რა მიზეზით განაცხადეთ უარი ამ პაციენტის დაფინანსებაზე?
– ამ პაციენტის დაფინანსებაზე მე პირადად არ განმიცხადებია უარი. ეს იყო რეფერალური მომსახურების კომისია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება. პაციენტმა ისარგებლა და ამოწურა საყოველთაო ლიმიტი – 15 ათასი. 331-ე დადგენილებით, მოსარგებლეები არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საგანგებო სიტუაციების დროს დაზარალებულები, ასევე მთავრობის მიერ სხვადასხვა შემთხვევის და ასე შემდეგ… არ არიან ის პაციენტები, რომლებიც სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით ან დაზღვევით. ამ პაციენტმა ამოწურა უკვე საყოველთაო ლიმიტი. ამიტომ კომისიამ მიიღო უარი.
– ეს დაფინანსება პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია…
– გასაგებია. ბენეფიციარების 36-ე დადგენილებით, საყოველთაო პროგრამით ლიმიტი არის 15 ათასი.
-კი მაგრამ, პაციენტის მკურნალობა გრძელდება და ამიტომ თუკი ოჯახს საშუალება აღარ აქვს, ამიტომ მკურნალობა უნდა შეწყვიტონ?
– მე მაინტერესებს მას უწყვეტენ მკურნალობას? უშვებენ კლინიკიდან? არ უკეთებენ იმას, რაც ესაჭიროება? მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება? ეს მაინტერესებს. მე, როგორც ვიცი, არანაირი პრობლემა არ აქვს. გასაგებია, რომ ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი ბიუჯეტი ვერ მოახერხებს იმას, რომ 15 ათასის შემდეგ დაუფაროს მკურნალობის თანხა. მე გისვამთ თქვენ კითხვას – კომისიის ბიუჯეტი 15 მილიონია. რამდენ პაციენტს ეყოფა ეს? იცით, რამდენი მოგვმართავს ჩვენ თხოვნით?
– ამიტომ 29 წლის გოგო გავწიროთ?
– იცით, რა არის, მე არ ვიღებ ამაზე მარტო გადაწყვეტილებას, მე ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს. მე ვაწერ ხელს, როგორც ორგანიზაციის სამართველოს უფროსი, და არა ისე, რომ მე ვიღებ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას. რა ვქნათ მთავრობის დადგენილების წინააღმდეგ წავიდეთ?– ადვოკატი გადანაშაულებთ იმაში, რომ კომიიის წევრები არიან მიკერძოებულები და მხოლოდ რეკომენდაციის შემთხვევაში იძლევიან დადებით პასუხს.
– იცით რა არის, ასეთი რამ აღარ ხდება და გული მწყდება, რომ თქვენ ამას ამბობთ.
– საყოველთო პროგრამა რომ ამოიწურება და ეს 15 ათასი გაიხარჯება, ამ შემთხვევაში რეფერალური პროგრამა თუ ერთვება, რატომ მიიღო სანთელაძემ უარი?
– რეფერალური პროგრამა არ ერთვება. იღებს გადაწყვეტილებას და ეხმარება იმ შემთხვევაში, როდესაც არიან ონკოლოგიური პაციენტები, რომლებსაც აქვთ ძვირად ღირებული მედიკამენტები, რომელსაც საყოველთაო არ აფინანსებს. ის ოპერაციები, რომელსაც საყოველთაო არ აფინანსებს და ის რეაბილიტაცია, რომელსაც საყოველთაო არ აფინანსებს. ჩვენი ბიუჯეტი არის 15 მილიონი და ფიზიკურად სახელმწიფო ვერ შეძლებს ყველას დაკმაყოფილებას, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, რომ 100 პროცენტით ადამიანის მკურნალობა იქნას უზრუნველყოფილი.
შეგახენებთ, რომ 29 წლის ნათია სანთელაძე უკვე მეხუთე თვეა სეფსისის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. ხერხემალში ჩირქის ჩაღვრის გამო სანთელაძეს ზურგის ტვინის გარსი დაუზიანდა, რის გამოც 4 -ვე კიდური პარალიზებული აქვს და სასუნთქი აპარატის გარეშე ვერ სუნთქავს. ოჯახს საყოველთაო დაზღვევის თანხები ამოეწურა მკურნალობის გასაგრძელებლად და 29 წლის ნათია სანთელაძის გადასარჩენად დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ.
ნათია სანთელაძის დასახმარებლად გახსნილია ანგარიშის ნომერი.
საქართველოს ბანკი: BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: G59BG0000000339229700
მიმღების სახელი: ნათია სანთელაძე
დარეკეთ „მაგთიდან“ და „ბილაინიდან“ ნომერზე: 0901700432. ზარის ღირებულება 1 ლარია.