თბილისის მერმა ბექა მარგიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მეტროსადგურ ვარკეთილთან მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ქაშუეთის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდზე დავით ნარმანია დედაქალაქის მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა.
„ჩვენმა ქვეყანამ და ქალაქმა დაკარგა ძალიან ღირსეული ადამიანი. მოვედით აქ, რომ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და ვანუგეშოთ მისი ოჯახი. დარწმუნებული ვარ, ის გმირობა, რაც ამ ადამიანმა გამოიჩინა, იქნება საწინდარი ჩვენი ქვეყნის სიძლიერის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი 4 აპრილს, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. დაჭრილ ვალერიან გრძელიშვილს მკურნალობის კურსი პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.