„თბილისის მერია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობს“
„თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს წარმომადგენელმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრმა გულიკო ზუმბაძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ზუმბაძის განცხადებით, მერია აღნიშნული კუთხით მუშაობს და უახლოეს მომავალში საკრებულოს კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს.
„თბილისში არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა სავალალო მდგომარეობაშია, ავტობუსები მწყობრიდან გამოსულია, ინტერვალები გაიზარდა და პერიფერიებიდან უჭირთ მოქალაქეებს გადაადგილება და მარშრუტებიც არ არის ხელსაყრელი. ამ საკითხზე მუშაობს მერია და უახლოეს მომავალში მათგან კონკრეტულ წინადადებებს ველოდებით. ის ტენდერი, რომელიც ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო გამოცხადებული, კორუფციულ ელემენტებს შეიცავდა და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო ის, რომ აღნიშნული ტენდერი მოიხსნა“,- განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.