ირაკლი კობახიძე – ოპოზიციაზე: დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე, კანონი უნდა მუშაობდეს მთელი სიმკაცრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები
დამხობა არ არსებობს მშვიდობიანი და არამშვიდობიანი, არის ორი მიმართულებით საქმე აღძრული, როგორც დამხობის მიმართულებით, ასევე ქრთამის დაპირების მიმართულებით, დანარჩენი, ბუნებრივია, სასამართლოს საქმეა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ლევან ხაბეიშვილისთვის წარდგენილ ბრალს შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის ცნობილია, თუ ვინ დაარქვა ხაბეიშვილს ანიტა და ვინ უხდიდა ჯერ 3 000 და შემდეგ 5 000 ლარს.
„ძალიან შეაჩვიეს ენა საზოგადოებას, სულ საუბარია რადიკალიზმზე, დამხობაზე, გადაწვაზე და ა.შ. ათასი განცხადება გაკეთდა ამ დღეების განმავლობაშიც. აქაც პრაქტიკა უნდა იყოს იმისგან განსხვავებული, რაც იყო 3-4 წლის წინ. კანონი უნდა მუშაობდეს საქართველოში მთელი სიმკაცრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს დაცული ბოლომდე ჩვენი ეროვნული ინტერესები. მე ყველას ვპირდები, რომ როგორც სხვა მიმართულებებით გავამკაცრეთ კანონის მოქმედება, ეს ეხება კორუფციას, ორგანიზებულ დანაშაულს, თუ ნარკოტიკულ დანაშაულს, ძალიან მკაცრი მიდგომები გვექნება პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთან დაკავშირებითაც. ყველა მიმართულებით გვექნება უფრო მკაცრი მიდგომები კანონის აღსრულების ნაწილში, ვიდრე ეს იყო წარსულში. რა თქმა უნდა, ეს არ აწყობს ნარკომანებს, ნაცებს, ორგანიზებულ დამნაშავეებს, მაგრამ ეს აწყობს საზოგადოებას“, – განაცხადა პრემიერმა.