პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ლევილის ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით და დაფინანსებით, ლევილის ბიბლიოთეკაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის მიერ, ასოციაცია ქართულ კერასთან (Foyer géorgien) მჭიდრო თანამშრომლობით და საქართველოს საელჩოს დახმარებით, ბიბლიოთეკის სივრცე გაფართოვდება და გარემონტდება. ბიბლიოთეკა მნიშვნელოვანი წიგნებით და პერიოდული გამოცემებით შეივსება. ამჟამად წიგნები განთავსებულია შატოს სხვადასხვა სათავსოში, კერძოდ, სხვენსა და მთავარი შენობის მიმდებარე ნაგებობებში.
ლევილის შატოს ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესი 2013 წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით მოხდა ლევილში წიგნების პირველი ნაწილის კატალოგიზაცია, კლასიფიკაცია და სკანირება.