სამართალი სვანურად – სვანები ხარძიანის საქმის სვანური წესით განხილვაზე მსჯელობენ

გია უდესიანი და ხარძიანების ოჯახი თუკი სვანურ სამართალს ოფიციალურად მიმართავს, მაშინ ბესო ხარძიანის საქმეს სვანური სამართლის საბჭო განიხილავს. ამის შესახებ სვანური სამართლის სავარაუდო წარმომადგენლებმა ფრიდონ კვიციანმა და ოთარ ჯაფარიძემ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
როგორც მათ ჟურნალისტებთან განმარტეს, სვანური სამართლის მიხედვით, საქმეს თემის და ხევის ყველაზე ღირსეული მამაკაცები არჩევენ, ადამიანები, რომლებიც თავიანთი სამართლიანობით არიან ცნობილი. წესების მიხედვით სვანური სამართალი მხარეებს და მათ მოწმეებს ხატზე დაფიცების შემდეგ დაჰკითხავენ. ხატზე იფიცებენ ის ადამიანებიც, რომლებიც იღებენ ვალდებულებას, რომ საქმე ობიექტურად განიხილონ.
„თუ გია უდესიანმა მოითხოვა, რომ საქმე სვანურმა სამართალმა განიხილოს, როგორც უდესიანის, ისე ხარძიანების მხრიდან დასახელდება ორი – სამი კაცი, შეიკრიბებიან, დასხდებიან და დაიწყებენ საქმის გარჩევას. მოუსმენენ გია უდესიანს, ხარძიანის ჭირისუფალს, დაჰკითხავენ მოწმეებს, ოღონდ ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, რაც ისინი ხატზე დაიფიცებენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს იტყვიან. თუ ხარძიანის ოჯახი ეჭვობს, რომ ამ მკვლელობაში გია უდესიანის ხელი ურევია, მაშინ გია უდესიანმა მისი გვარიდან 12 რჩეული კაცი უნდა გამოიყვანოს და აფიცებენ 12 კაცით. თუ მან ხატზე ვერ დაიფიცა, რომ თვითონ არ ურევია ამ საქმეში და გაირკვა, რომ ის დამნაშავეა, მაშინ მედიატორები ამ საქმეს წყვეტენ მანამ, სანამ საკუთარ გადაწყვეტილებას სასამართლო არ გამოიტანს“,- განაცხადა ოთარ ჯაფარიძემ.
„კვირას“ პრესკლუბის სტუმრებმა სვანური სამართლის უპირატესობებზეც ისაუბრეს. როგრც ფრიდონ კვიციანმა განმარტა, სვანური სამართალი მსოფლიოში ცნობილია, როგორც ყველაზე ძლიერი სამართალი. მისი თქმით, ხატს პიროვნების გულისთვის არავინ უღალატებს.
„სვანეთს ხატის ძალა რომ სწამს, ამიტომაცაა ძლიერი. დავა ხანდახან წლობითაც გრძელდება. გააჩნია საქმის სიმძიმეს. ამ საქმეს რომ სახელმწიფოს ნაცვლად სვანური სამართლით განვიხლავდეთ, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, შეიძლება 24 კაცამდე შეიყაროს – 12-12 ორივე მხრიდან. სვანურ სამართალს ორივე მხარემ უნდა მიმართოს. სვანური სამართალი არავის მოუწოდებს მკვლელობისთვის. ჩვენ ვცდილობთ, ორივე მხარე შევარიგოთ. რაც შეეხება ბრალდებულს, ის წინასწარ ხატზე დებს ფიცს, რომ სვანური სამართლის გადაწყვეტილებას დაემორჩილება“,- განაცხადა ფრიდონ კვიცანმა.
ოთარ ჯაფარიძემ საზოგადოებას დეტალურად განუმარტა ის პროცედურები, თუ როგორ დგება სახალხო სასამართლო და როგორ განიხილავს დანაშაულს სვანური სამართალი. როგორც ჯაფარიძემ განმარტა, სვანური სამართალი საუკუნეებს ითვლის და უამრავი გვარი, თემი და მთლიანად სვანეთი სისხლისღვრას გადაარჩინა.
„თუკი მოხდა განზრახული, ან უნებლიე ან არასწორი მკვლელობა, სხვა სერიოზული დანაშაული, რომელიც ერთ ოჯახს და ერთ გვარს მიაჩნია სირცხვილად და უნდათ, რომ გაარჩიონ ეს საქმე. ამისთვის სვანეთში სვანური სამართლის საბჭო არსებობდა. ირჩევდნენ მედიატორებს, თემში რჩეულ კაცებს, რომლებიც იწყებდნენ სიარულს დამნაშავესა და დაზარალებულს შორის, მათ გამოჰყავდათ ეს ორი ოჯახი შერიგების საწყის მდგომარეობამდე, რომ არ მომხდარიყო სისხლისღვრა. ამან მთელი სვანეთი გადაარჩინა. როდესაც საქმე სასამართლო გარჩევამდე მიდიოდა, საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, ხდებოდა მისი განხილვა. შესაძლებელია საქმე 2 კაცსაც განეხილა და  მათი რიცხვი 12-მდე ასულიყო. სვანური სამართალი დღესაც თითქმის ყველა სოფელში მოქმედებს. ხშირია სოფლებში შელაპარაკება, საყოფაცხოვრებო დავები და ასე შემდეგ. მოსამართლეები კი თემში და ხევში თავიანთი ღირსებით, სიმართლით და სუფთა კაცობით ცნობილი სვანები არიან. სანამ ეს კაცები დაიწყენებ მხარეების მოსმენას, თვითონ გადიან და ხატზე იფიცებენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლით განსაჯონ. ეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჰგავს“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
სვანური სამართლის ფარგლებში ფრიდონ კვიციანსა და ოთარ ჯაფარიძეს თავადაც ბევრი საქმე განუხილავთ. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტეს, თუ ერთი მხარე სვანურ სამართალს ითხოვს, ხოლო მეორე ამაზე უარს აცხადებს. ის უკვე მტყუანად ითვლება, რადგან ეს, მათივე განმარტებით, ნიშნავს, რომ მას ხატთან გამოსავლელი პირი არა აქვს.
ფრიდონ კვიციანმა და ოთარ ჯაფარიძემ სისხლის აღების წესზეც ისაუბრეს. მათი განცხადებით, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სისხლის აღების წესმა სვანეთი გადაარჩინა.
„ სვანმა იცოდა, რომ ასე ჰარიჰალოზე კაცს ვერ მოკლავდა, მას ამაზე პასუხს აგებინებდნენ“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
ფრიდონ კვიციანმა კი სისხლის აღების წესის დახვეწაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ ადრე სისხლის აღების დროს შეიძლებოდა ერთ გვარს მეორე გვარის საუკეთესო და თვალსაჩინო წარმომადგენელი მოეკლა, დღეს ეს აღარ ხდება და სისხლის აღებისას მხოლოდ მას უსწორდებიან, ვინც უშუალოდ დანმაშავეა.
„ დღეს უდანაშაულო ადამიანს არ კლავენ იმის გამო, რომ მისი გვარის წარმომადგენელმა დანაშაული ჩაიდინა. ეს პროგრესია, სისხლის აღების წესი დაიხვეწა. მართალია სისხლის აღება დღეს იმ დოზით აღარ ხდება, როგორც ადრე, მაგრამ იშვიათად მაინც ხდება ხოლმე. თუ სვანს სისხლი მართებს, მაშინ ხალხში რცხვება, მისთვის ძვირად ფასობს სიამაყე. ხალხში შერცხვენილია ის, ვისაც სისხლი არ აუღია“,- განაცხადა ფრიდონ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები