„მოსამართლე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, აუცილებლად უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე“
აღმაშფოთებელია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დაყადაღებულია, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ახალი სამთავრობო პროგრამის: “ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის” პრეზენტაციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღებაზე მოსამართლის გადაწყვეტილებით დაინტერესდება.
“აღმაშფოთებელია, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა არის დაყადაღებული. 4500 ლარის დავალიანების გამო 120 მილიონი დოლარის საწარმო დაყადაღებულია. ეს კატასტროფაა, ეს არის პირდაპირ დივერსია. ამ საწარმოში არის დასაქმებული 2500 ადგილობრივი მოსახლე. მინდა მივმართო იმ ადამიანს, ვინც ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი, დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო. მას მოუწევს, პასუხი აგოს 2 500 ოჯახის წინაშე და იმედი მაქვს, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე დაინტერესდება ამ საქმით. მოსამართლე, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს, რატომ იღებს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს. თუ არსებობს კანონდარღვევა, გთხოვთ გამოიძიოთ. არსებობს შესაბამისი ორგანოები, მათ შეუძლიათ გაარკვიონ, მაგრამ არა ისე, რომ 4 500 ლარის დავალიანების გამო მთელი ქარხანა გააჩერო”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, მარაგი დარჩენილია 15 აპრილამდე, ამის შემდეგ კი არსებობს საფრთხე, რომ ეს ქარხანა გაჩერდეს.
“არ ვერევით და არც ერთი არ მისცემს თავს უფლებას, რომ ჩავერიოთ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, მაგრამ მივმართავ იმ ადამიანს, ვინც ეს უგუნური გადაწყვეტილება მიიღო, რომ ეს არის მარტივი საკითხი. თუ ამ ორგანიზაციას აქვს დავალიანება, მას მარტივადაც შეუძლია გადაიხადოს. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი და ყველას მოვუწოდებ, რომ გააკეთონ მკაცრი რეაგირება. არც ერთი მოხელე, არც პრემიერ-მინისტრი, არც მოსამართლე, არც პრეზიდენტი არ დგას კანონზე მაღლა. ეს ყველას უნდა ახსოვდეს კარგად და ყველას მოეთხოვება პასუხი ერთ, სავარაუდოდ, უკანონოდ მიღებულ გადაწყვეტილებაზე”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.