ნინო გოგუაძე: პარლამენტი მოვალეა, რომ ეს საკითხი შეისწავლოს
პარლამენტის დეპუტატის ნინო გოგუაძის განცხადებით, „თავისუფალი დემოკრატები“ თავდაცვით საჰაერო სისტემებთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე პარლამენტს მომავალ კვირაში მიმართავენ. მისივე ინფორმაციით, მანამდე „თავისუფალი დემოკრატები“ კომისიის შექმნისათვის გათვალისწინებული პროცედურისთვის მოემზადებიან.
„საქართველოს თავდაცვის სისტემის გაძლიერება, საქართველოს თავდაცვა – სწორედ ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი და რადგან ამდენი კითხვა იყო ამ საკითხის გარშემო, პარლამენტი მოვალეა, შეისწავლოს ეს საკითხი. ჩვენ ამ კვირაში ვიწყებთ პროცედურებით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას და მომავალ კვირაში აუცილებლად შევიტანთ ამ კომისიის შექმნის აუცილებლობის საკითხს“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
შეგახსენებთ, რომ “თავისუფალი დემოკრატები” საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმების თაობაზე პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ. როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უახლოეს პერიოდში პარლამენტში შეიტანენ შესაბამის მოთხოვნას, რომ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის, რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მემორანდუმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება.