ირაკლი ღარიბაშვილი: მესაზღვრეები გამოვიყვანეთ ფიცრულებიდან და კარვებიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მესაზღვრეებს უკიდურესად მძიმე ვითარებაში უწევდათ ცხოვრება. მთავრობამ კი მათ მაქსიმალურად კარგი პირობები შეუქმნა. ღარიბაშვილის თქმით, სასაზღვრო პოლიციის ახალი შენობები აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.
“მოგეხსენებათ, რომ ქვემო ქართლი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სასაზღვრო რეგიონია და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მესაზღვრეებისთვის მაქსიმალურად კარგი პირობების შესაქმნელად ისინი გამოვიყვანეთ ფიცრულებიდან და კარვებიდან. მართლაც, ძალინ მძიმე მდგომარეობაში უწევდათ ცხოვრება. ჩვენი ძალისხმევით რეგიონში გაიხსნა სასაზღვრო პოლიციის ახალი შენობები. ეს არის თანამედროვე სტანდარტების შენობები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით”, -განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა სასჯელაღსრულების სისტემაში გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობამ ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სასჯელაღსრულების სისტემაში ვითარების გამოსწორება გამოაცხადა.
“ქვემო ქართლის რეგიონში მდებარეობს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოთხი დაწესებულება. ჩვენ ოთხივე დაწესებულებაში განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩატარდა კაპიტალური სარემონტო სამუშაოები. რაც შეეხება სიახლეებს იუსტიციის სფეროში, – სულ რამდენიმე დღეში ქვემო ქართლში, რუსთავში გაიხსნება ქვემო ქართლის რეგიონალური არქივი”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები