“დღეს აქ ვართ, რათა უფრო ეფექტურად გადავდგათ ნაბიჯები რეგიონების განვითარების მიმართულებით”
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინა მთავრობის მმართველობის დროს რეგიონებს ისეთი ყურადღება არ ექცეოდა, როგორიც ამ ბოლო ორ წელიწადში.
როგორც პრემიერმა ქვემო ქართლში რეგიონების განვითარების ახალი პროექტის პრეზენტაციისას აღნიშნა, მას ძალიან კარგად ესმის, რომ ბოლო ორ წელიწადში გადადგმული ნაბიჯებით პრობლემები არ მოგვარებულა და ბიზნესმენებს, რეგიონებში არსებული რესურსების ათვისებასა და არსებული პრობლემების მოგვარებაში ჩართვისკენ მოუწოდა.
“არის უამრავი რესურსი, პოტენციალი, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიყენებთ. ამიტომ ამ რესურსებს ერთობლივი ძალისხმევით ათვისება სჭირდება. საჭიროა მთავრობა უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონების პრობლემების მოგვარებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, თქვენს გარეშე, ბიზნესმენების გარეშე ამ პრობლემებს ჩვენ ვერ მოვაგვარებთ. ამიტომ საჭიროა ჩვენი ძალების გაერთიანება, რომ უფრო ეფექტურად, დროულად გადავჭრათ ეს პრობლემები და ამ პროექტის დაწყებით ჩვენი მიზანია, რომ რეგიონი ფეხზე დავაყენოთ. ქვემო ქართლში ბევრი რამ გავაკეთეთ.
ჩვენი ძალისხმევის შედეგია, რომ აქ, ქვემო ქართლში, მხოლოდ გასულ წელს 47 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ეს ინვესტიციები ჩაიდო გადამმუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგებში. თუმცა, ახალი პროექტის პრეზენტაციამდე მე მინდა ვისაუბრო იმ პროექტებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა ამ რეგიონში.დავიწყებ სოფლის მეურნეობით, რომელიც ძალიან პერსპექტიული დარგია ქვემო ქართლში. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლში ჩვენ გავეცით 5 500-მდე სესხი, რომელთა საერთო ღირებულება 114 მილიონ ლარზე მეტია. ამავე პროექტის ფარგლებში დავაფინანსეთ 18 ახალისაწარმო და ამისათვის 9 მილიონ ლარზე მეტი გავეცით. გარდა ამისა, სახელმწიფოს დახმარებით რეგიონში გადაიარაღებულია 89 საწარმო და ამისათვის გაცემულია 18 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” – ფარგლებში 12, მათ შორის, 10 ახალი საწარმო, 13,9 მილიონზე მეტი დოლარით დაფინანსდა. მეწარმეებს გადაეცათ 3,6 მილიონი ლარის ოდენობის ქონება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაში დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში მთავრობა 92 ათასზე მეტ ბენეფიციარს დაეხმარა და ამისათვის გამოყოფილია 7მილიონ ნახევარ ლარზე მეტი ღირებულების სარგებელი გამოყო.
“გასულ წელს 100 ათასზე მეტ ბენეფიციარს დავეხმარეთ, 2013-ში კი – 105 ათასზე მეტს. ინტენსიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ განვავითაროთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. ქვემო ქართლის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი მინიჭებულიაქვს 94 კოოპერატივს. ისინი მუშაობენ მემარცვლეობის, მებოსტნეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის მიმართულებით და მათ სახელმწიფოსგან აქვთ მაქსიმალური მხარდაჭერა. სახელმწიფომ მათ შეღავათიანი პირობებით გადასცა მცირე გაბარიტიანი აგროტექნიკის კომპლექტები და ხელის სათესები. გარდა ამისა, პირველად საქართველოში, 2014 წლის სექტემბრიდან ჩვენ ვახორციელებთ აგროდაზღვევის პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს ფერმერებს დააზღვიონ საკუთარი მოსავალი. ამ პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში გაცემულია 207 პოლისი. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 6 მილიონ ნახევარ ლარზე მეტია.
მინდა ასევე გითხრათ, რომ რეგიონში აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქვემო ქართლისთვის.რეგიონში ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის მარნეულის საველე სადგური, რომელიც ნაყოფიერად მუშაობს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაზე. ამჟამად სადგურში მიმდინარეობს სურსათისა და წყლის ბაქტერიოლოგიური კვლევების დანერგვა. რეგიონში გატარდა ასევე მნიშვნელოვანი ღონისძიებები ვეტერინარიის მიმართულებით. ჩვენ ვატარებთ სპეციალურ ღონისძიებებს სარწყავი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კუთხით. ამჟამად მიმდინარეობს 28 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამუშაოები. წელს იგეგმება 2014 წელს დაწყებული 10 ობიექტის დასრულება და 3 ახალ ობიექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.