უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს შეხვდა
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ევროკავშირის ელჩს საქართველოში იანოშ ჰერმანს შეხვდა.
უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა ნინო გვენეტაძეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და მაღალი შეფასება მისცა იმ პროცესს, რომელიც ამ პოზიციაზე კანდიდატის არჩევას ახლდა თან.
„თქვენი არჩევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საკვანძო მომენტი, რადგან ეს იყო კონკურენტული, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგი. პირადად მე ძალიან გაფასებთ. ჩვენ ვართ კარგად ინფორმირებული თქვენი წარსულის, თქვენი კარიერის შესახებ და იმედი მაქვს, რომ იმ გამოწვევას, რომელიც ახლა თქვენს წინაშე დგას, ღირსეულად გაართმევთ თავს. სასამართლო რეფორმა არის გული საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში და იგი ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის, მთავარი გზავნილია დიდი პატივისცემა თქვენს მიმართ და ასევე მხარდაჭერა სასამართლო რეფორმის პროცესში“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე დიდი პატივისცემა გამოხატა ელჩის მიმართ და მას მადლობა გადაუხადა იმ გაწეული საქმიანობისთვის, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს მართლმსაჯულების რეფორმირებისთვის.
„თქვენი შეფასება კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას. ჩემი განვლილი გზა არ მაძლევს უფლებას, არ მქონდეს ის ხედვები, ის მოტივაცია, რომელიც უკავშირდება მართლმსაჯულების რეფორმას და განსაკუთრებით, იმ ვალდებულებებს, რომელიც უკავშირდება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მართლმსაჯულების რეფორმირების როლსა და მნიშვნელობას“, – განაცხადა ელჩთან საუბრისას ნინო გვენეტაძემ.
შეხვედრაზე ევროკავშირის ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა ნინო გვენეტაძის, როგორც ექსპერტის მონაწილეობას ევროკავშირის პროექტში, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობის რეფორმირებას უკავშირდებოდა. თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა მისი შრომის დაფასებისა და აღიარებისთვის.
„კვლავაც ვრჩები აქტიური გულშემატკივარი ამ მიმართულებით და მზად ვარ, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენების დროსაც მივიღო მონაწილეობა განხილვაში და დავაფიქსირო ის პოზიციები, რომელიც ბოლომდე ვერ იქნა მიღწეული და გაზიარებული სამუშაო პროცესში. ასევე, კოდექსის მიღების შემდეგ ვიზრუნო მოსამართლეთა სპეციალიზაციაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით, რათა შევქმნათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მართლმსაჯულება.
მართლმსაჯულების რეფორმა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც გონივრულ დროსა და მუდმივ ძალისხმევას საჭიროებს. ამ პროცესს ჩვენს წარვმართავთ ღია პოლიტიკით, მუდმივი ურთიერთობით საზოგადოებასთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მედიასთან, მართლმსაჯულების სერვისის მომხმარებლებთან. მიზანი კი იქნება კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სამართალწარმოება და პრიორიტეტი – ადამიანის უფლებები“, – აღნიშნა გვენეტაძემ.
ევროკავშირის ელჩმა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და პროექტებზე ისაუბრეს.