“თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტს დრობითი კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავენ

“თავისუფალი დემოკრატები” საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმების თაობაზე პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ. როგორც პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უახლოეს პერიოდში პარლამენტში შეიტანენ შესაბამის მოთხოვნას, რომ შეიქმნას დროებითი კომისია, რომელიც შეისწავლის, რა პირობებში, როგორ დაიდო ეს მემორანდუმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანასთან და რა დააკლდა ქვეყანას იმით, რომ 6 თვის ვადის ამოწურვის შემდეგ, არ არის გაფორმებული ეს შეთანხმება.
“ამის შესწავლის შემდეგ უკვე “თავისუფალი დემოკარტები“ მიმართავენ საზოგადოებას, რასთან გვაქვს საქმე. ვიდრე სრულ პოლიტიკურ უნდობლობას გამოვუცხადებთ პრემიერს, მინდა ასეთი შესწავლა პარლამენტმა ჩაატაროს”, -განაცხადა ალასანიამ.
იგი მიიჩნევს, რომ ფუნდამენტური თავდაცვითი შესაძლებლობის შეძენაზე საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა ათქმევინეს უარი.
“თუკი გვინდა, თავიდან ავიცილოთ ომი და დაპირისპირება, ყველაზე დიდი ძალაა, იყო მზად ომისთვის, შენი მშვიდობის დაცვისთვის. ამას ბუნებრივია, სჭირდება შეირაღებულ ძალებსა და ჩვენს საზოგადოებაში წინააღმდეგობის გაწევის ნება, მაგრამ ეს ნება რომ რეალიზდეს, საჭიროა შესაძლებლობები, რომელსაც ჰქვია თავდაცვითი შესაძლებლობა. სწორედ ასეთი, ერთ-ერთი ფუნდამენტური შესაძლებლობის შეძენაზე უარი ათქმევინეს საქართველოს ბატონმა ღარიბაშვილმა და ბატონმა ივანიშვილმა, რადგან მათ არასდროს არავინ არ დაუკარგავთ ომში და არასდროს გულწრფელი სოლიდარობა არ ჰქონიათ საქართველოს სამხედროებთან, თავდაცვასთან, ჩვენი ქვეყნის ჯართან”, – განაცხადა ალასანიამ.
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დეტალურად ისაუბრა, რა შესაძლებლობები გაუჩნდებოდა ქვეყანას, 2014 წლის 28 ოქტომბერს ხელმოწერილი მემორანდუმის შემდეგ.
„ყველა სახის მოიერიშე თვითმფრინავი, ყველა სახის ბომბდამშენი, ვერტმფრენი იქნებოდა ჩვენ საჰაერო სივრცეში პრაქტიკულად შემოსვლის შესაძლებლობის გარეშე; სრულ კონტროლს ავიღებდით ჩვენ საჰაერო სუვერენიტეტზე, გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ მოგვეცემოდა შესაძლებლობა, გავმკლავებოდით ისეთ საფრთხეს, როგორიც არის საშუალო და მოკლე სიშორის ბალისტიკური იარაღები, როგორიც არის ე.წ. ისკანდერი და ასევე, სხვა სარაკეტო სისტემები; ჩვენ, ბუნებრივია, საჰაერო დომინირებას ვერ მივაღწევთ რეგიონში სამხედრო ძალთა ბალანსიდან გამომდინარე, ჩვენ გვინდა მხოლოდ თავდაცვითი შესაძლებლობა და საჰაერო თავდაცვა იქნებოდა და იქნება მომავალშიც ის ქოლგა, რომელიც საქართველოს ეფექტური თავდაცვის შესაძლებლობებს გაუჩენს“, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები