ირანის პროგრამაზე შეთანხმების შედეგად ნავთობი კიდევ უფრო გაიაფდა
„ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ 5%-ით გაიაფდა. მაისის ფიუჩერსის ფასი 5,23%-ით დაეცა და ერთ ბარელში 54,26 დოლარი შეადგინა. WTI-ის მარკის ნავთობის აპრილის ფიუჩერსის ფასი 3,44%-ით დაეცა და 48,42 დოლარი შეადგინა. საერთაშორისო შუამავლები – ე.წ. ექვსეული და ირანი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ურანის გამდიდრების ორი მესამედი სიმძლავრეები 10 წლის განმავლობაში შეჩერებული იქნება. გარდა ამისა, ირანი ვალდებულებას იღებს, ურანის გამდიდრების ყველა პროგრამა 25 წლით საერთაშორისო კონტროლის ქვეშ დააყენოს. საპასუხოდ, აშშ და ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების პირობას დებენ. ვინაიდან ირანი ნავთობის მარაგებით მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია, სანქციების გაუქმება ნავთობის ფასის კიდევ უფრო სერიოზულ გაიაფებას გამოიწვევს.