შემოსავლების სამსახურის განმარტება – რატომ ვერ რეგისტრირდებიან მოქალაქეები დაუბეგრავი მინიმუმის მისაღებად
შემოსავლების სამსახური იმ მოქალაქეებისთვის, ვინც დაუბეგრავი მინიმუმის თანხის აღებას ვერ ახერხებს, დამატებით განმარტებებს აკეთებს. მოქალაქეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოსგან დაუბეგრავი მინიმუმის თანხა ეკუთვნით და შემოსავლების სამინისტროს ვებგვერდზე ვერ რეგისტრირდებიან, დახმარებისთვის „კვირას“ რედაქციას დაუკავშირდნენ.
მოქალაქე, რომელიც „კვირას“ დაუკავშირდა, პროფესიით თარჯიმანია. მისი თქმით, მისი შარშანდელი სახელფასო შემოსავალი 6000 ლარზე გაცილებით ნაკლებია, მაგრამ ვებგვერდზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებს.
„ 2014 წელს 4- თვიანმა სახელფასო განაკვეთმა შეადგინა არაუმეტეს 300 ლარისა, თუმცა 2015 წელს დაუბეგრავი მინიმუმის აღებას ვერ ვახერხებ. უფრო მეტიც, პროგრამა რომლის მეშვეობითაც მომხმარებლები რეგისტრირდებიან, არ მაძლევს იმის უფლებას, რომ განაცხადი შევავსო. რა არის ამის მიზეზი, ვერ გავარკვიე“, – ამბობს 27 წლის მოქალაქე, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში თარჯიმნად მუშაობს.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყოველთვიური შემოსავალი ოთხას ლარამდეა და არც სხვა სახის რაიმე დამატებითი შემოსავალი მაქვს, მეორე დღეა უშედეგოდ ვცდილობ დეკლარაციის შევსებას, როცა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე დაუბეგრავი მინიმუმის დეკლარაციაში ჩემს პირად ნომერს ვუთითებ და შესაბამის ველებს ვავსებ, სისტემა მიწერს, რომ არ მეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით სარგებლობა, ასევე უშედეგოდ ცდილობს დეკლარაციის შევსებას ჩემი კოლეგების უმრავლესობა. შარშან შეუფერხებლად დავრეგისტრირდი და ანგარიშზე დამერიცხა თანხა, წელს რატომ შეგვექმნა პრობლემა, არ ვიცი“, – აღნიშნავს 55 წლის ქალბატონი, რომელიც სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად მუშაობს. მისი ხელფასიც 400 ლარია.
ამ საკითხებთან დაკავშირებით „კვირა“ შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა.
როგორც „კვირას“ შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა, ყველა მოქალაქე, რომელიც შემოსავლების სამსახურის სისტემაში დარეგისტრირებას ვერ ახერხებს და მიაჩნიათ, რომ ეკუთვნით სახელმწიფოსგან დაუბეგრავი მინიმუმი, მათ საკუთარ დამქირავებელს ინფორმაციის დაზუსტება უნდა მოსთხოვონ.
„იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოსგან დაუბეგრავი მინიმუმი ეკუთვნის, მაგრამ სისტემა არ არეგისტრირებს, ასეთ შემთხვევაში მოქალაქის შესახებ ბაზაში მათი დამქირავებლების მხრიდან დაზუსტებული ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი. ნებისმიერ შემთხვევაში, მოქალაქემ, რომელიც თვლის, რომ ეკუთვნის დაუბეგრავი მინიმუმი და სისტემა ამას არ არეგისტრირებს, უნდა მიმართოს საკუთარ დამქირავებელს და მოსთხოვოს ინფორმაციის დაზუსტება.
დაზუსტებისთანავე ხარვეზი გასწორდება და სისტემა აუცილებლად დაარეგისტრირებს. აბსოლუტურად იგივე პრობლემაა პედაგოგებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც არ არის დაზუსტებული ინფორმაცია ასახული შემოსავლების სამინისტროში მათ შესახებ. ან არის ისეთი შემთხვევები, როდესაც არასწორად არის წამოდგენილი ინფორმაცია ამ მოქალაქეების შესახებ“, – აღნიშნა ხათუნა მოისწრაფიშვილმა.
გარდა ზემოთ მოყვანილი პრეტენზიებისა, მოქალაქეების მხრიდან, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იმ საკითხმაც, რომ ზოგიერთ პირს 360 ლარზე ნაკლები დაერიცხა.
„ძალიან ადვილად დავრეგისტრირდი, მაგრამ 150 ლარი დამერიცხა. როგორ უნდა გავარკვიო, რატომ მივიღე ასეთი დაბალი თანხა“, – აღნიშნავს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს.
„კვირამ“ ეს საკითხიც გაარკვია.
„არის კონკრეტული და ინდივიდუალური შემთხვევები, სისტემა, რომელიც არეგისტრირებს მოქალაქეს, იქვე აღნიშნულია, თუ რამდენი ეკუთვნის მას დაუბეგრავი მინიმუმი. თუ უფრო ნაკლები თანხა დაუფიქსირდა, მაშინ ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ ინდივიდუალურად უნდა გაარკვიოს ბანკში მისი დავალიანების შესახებ ინფორმაცია, ანუ იმ ბანკის ანგარიშზე უნდა გაარკვიოს, სადაც მას სახელფასო თანხა ერიცხება“, – აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა. თუმცა, მოქალაქე, რომელსაც „კვირა“ თავად დაუკავშირდა, აღმოჩნდა, რომ იგი ბანკის ოპერატორმა ისევ შემოსავლების სამსახურში გადაამისამართა.
„თი-ბი-სი“ ბანკის ოპერატორმა მითხრა, რომ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდი არასწორ ინფორმაციას იძლევა, რადგან გადატვირთულია და ამიტომ თავად შემოსავლების სამსახურს უნდა მიაკითხოთო. იქ ადგილზე შეამოწმებენ თქვენს მონაცემებსო“, – აღნიშნა 49 წლის ქალბატონმა, რომელიც ყოველთვიურად ხელფასს – 300 ლარს იღებს.
თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც რეგისტრაციასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. „1 აპრილს ნაშუადღევს, წესისამებრ, დავრეგისტრირდი და იმავე წამს მივიღე ინფორმაცია, რომ პირადად დაუბეგრავი მინიმუმის თანხას- 360 ლარს მივიღებ“, – ამბობს 45 წლის ქალბატონი, რომელიც კერძო ფირმაში მკერავად მუშაობს და მისი ყოველთვიური შემოსავალი 500 ლარზე ნაკლებია. შეგახსენებთ, რომ შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის შესახებ ინფორმაცია 2015 წლის მარტს გამოაქვეყნა.
„სსიპ შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ თუ თქვენს მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, უფლება გაქვთ, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითოთ დაუბეგრავი მინიმუმი – 1800 ლარი და მოითხოვოთ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება. კერძოდ, თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში, უფლება აქვს მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი. ამ მიზნით, 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საშუალება გექნებათ შეავსოთ დეკლარაცია, პირადი ნომრის მითითებით აღმოაჩინოთ, სარგებლობთ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეავსოთ ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოთ თქვენთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა. თუ თქვენ არ მიეკუთვნებით დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა კატეგორიას, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ თქვენ ვეღარ განაგრძობთ დეკლარაციის შევსებას და აღნიშნულის თაობაზე გეცნობებათ. დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებულ საბანკო დაწესებულებისმეშვეობით. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, თქვენს მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ დეკლარაციის რეგისტაციიდან 3 თვის განმავლობაში. ამასთან, თუ თქვენ 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე არ გისარგებლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეგიძლიათ მიმართოს შემოსავლების სამსახურს – არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა. დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სატალეფონო ცენტრს შემდეგ ნომერზე 299299, ან მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@rs.ge; ასევე შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: www.rs.ge განთავსებული“ – ნათქვამია განცხადებაში.
მოქალაქეთა რეგისტრაცია 1 აპრილიდან დაიწყო. ამჟამად, უკვე დარეგისტრირებულია 200 ათასზე მეტი მოქალაქე. მათ შორის, მხოლოდ 2 აპრილს, 58 ათასმა პირმა ავტორიზაცია გაიარა.
იზა შაქარაშვილი