თბილისი EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობისთვის აქტიურად ემზადება

თბილისი აქტიურად ემზადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძლობისთვის, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად, მიმდინარე წლის 13-15 მაისს იმართება.
საქართველოს პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე საორგანიზაციო სამუშაოების პირველ ეტაპს დღეს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის წევრები მედიასთან ერთად გაეცნენ. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს მხრიდან EBRD-ის მმართველმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ დაათვალიერეს.
დედაქალაქის მერის თქმით, თბილისი როგორც მასპინძელი ქალაქი აქტიურადაა ჩართული საორგანიზაციო ღონისძიებებში მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობის კუთხით. განსაკუთრებული აქცენტი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოს მოწესრიგებასა და იმ ძირითად მარშრუტებზე კეთდება, სადაც კონფერენციის მონაწილეები იმოძრავებენ.
„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და შანსი იმისა, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები დედაქალაქში. სწორედ ამიტომ, ვამზადებთ საინვესტიციო პაკეტებს და საინტერესო პროექტებს, რომლებსაც ინვესტორებს შევთავაზებთ უძრავი ქონების, სასტუმროების მშენებლობის, ქალაქგანვითარების, ტურიზმის განვითარების და სხვა სფეროებში“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. წელს საქართველო, როგორც EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძელი ქვეყანა მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებისა და ევროპული ბიზნესის ეპიცენტრი ხდება. ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა. ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, ასევე იგეგმება საინვესტიციო სესიის ორგანიზება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის მოსამზადებელი პერიოდისა და მიმდინარეობისას დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის სტუდენტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები