პაატა დავითაია: რუსეთის ფედერაციამ დღეს აფხაზეთი ყველანაირი კონტროლის გარეშე მიიერთა

„ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას განცხადებით, “რუსეთის ფედერაციამ დღეს აფხაზეთი ყველანაირი კონტროლის გარეშე მიიერთა”.
“იმ სიჩუმის ფონზე, რაც საქართველოს მთავრობაშია, დღეს გაიხსნა ოფიციალურად მიმოსვლა აფხაზეთსა და რუსეთს შორის, ე.წ. საზღვარი ფსოუზე მოიხსნა. გაკვირვებული ვარ, რომ არანაირი რეაქცია არ აქვს ამაზე საქართველოს მთავრობას. გასაგებია, რომ ანექსია გრძელდება, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები, მაგრამ ამის მიჩუმათება არ შეიძლება. ფაქტობრივად, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთთან გახდა ღია. ყველანაირი ბლოკსაგუშაგო, თუ მაკონტროლებელი ორგანოები, რომელიც სეპარატისტებს გააჩნდათ, აღებულია იქიდან. ეს ყველანაირ შეთანხმებას არღვევს, რაც კი საერთაშორისო მასშტაბით არსებობს. ამით დაირღვა ის შეთანხმებაც, რომლის მიხედვითაც ე.წ. საზღვარზე შვეიცარიელი მესაზღვრეები უნდა განლაგებულიყვნენ. ეს საზღვარი მოისპო და საზღვარი დღეს უკვე ენგურზე გადის”, – განაცხადა დავითაიამ “პირველ პრესკლუბში”.
„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამ სიტუაციას სირაქლემის პოზაში ნუ ატარებს, საერთაშორისო პარტნიორები საქმის კურსში ჩააყენოს და აჟიოტაჟი ატეხოს.
“მოვუწოდებ პარლამენტს, დაპირისპირებაში კი ნუ არიან, მიიღონ რეზოლუცია. ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებს მივმართავ, რომ დღეს ფაქტობრივად რუსეთის ფედერაციამ სახელმწიფო საზღვარი შეცვალა და აფხაზეთის ტერიტორია მიიერთა ყველანაირი კონტროლის გარეშე”,- აცხადებს დავითაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები