გიორგი მარგველაშვილი: საქართველო არასდროს დაივიწყებს საკუთარ გმირებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 სამხედროს ცხედრების ფრაგმენტების დაკრძალვას დაესწრო. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო არასდროს დაივიწყებს იმ გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოსთვის.
“დღეს კიდევ ერთი დღეა, როდესაც ჩვენ ვგლოვობთ ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენს გმირებს, რომელთაც სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ჩვენ ვგლოვობთ და, ამავე დროს, მომავალ თაობებს მათი ნათელი სახელით, მათი გმირობის მაგალითით ვზრდით. საქართველო არასდროს დაივიწყებს საკუთარ გმირებს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომის დროს დაღუპული 42 ქართველი სამხედროს ცხედრის ფრაგმენტები დღეს დაკრძალეს. სხეულის ფრაგმენტები გასული წლების განმავლობაში, იდენტიფიცირების მიზნით, დნმ-ის ანალიზისთვის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ინახებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი იდენტიფიცირება რამდენიმე თვის წინ დასრულდა და ფრაგმენტები შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დღეს დაიკრძალა.