იუსტიციის სამინისტრომ და თბილისის მერიამ მემორანდუმი გააფორმეს

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ნარმანიამ დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნული დოკუმენტი თბილისში სერვისების გაუმჯობესებას გულისხმობს.
“თბილისის მერია და იუსტიციის სამინისტრო ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ იუსტიციის სამინისტროს ელექტრონული სერვისების გამოყენება. ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მონაცემთა გაცვლის სერვისებში, ელექტრონული მმართველობის სფეროში და მომავალში ვაპირებთ, რომ უფრო მეტად გავააქტიუროთ მუშაობა ამ თვალსაზრისით. გვინდა, თბილისის მერია გავხადოთ უფრო მეტად თანამედროვე, ერთ სივრცეში სერვისების მიწოდებაზე მორგებული და ამ თვალსაზრისით გამართული ორგანიზაცია, რათა სწრაფად და ეფექტიანად მივაწოდოთ მოქალაქეებს ის აუცილებელი სერვისები, რაც ჩვენ კანონმდელობით გვაქვს გათვალისწინებული”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
რაც შეეხება იუსტიციის მინისტრს, მისი განცხადებით, მემორანდუმის მთავარი მიზანი სერვისების გაუმჯობესებაა. მოქალაქეების ხარისხიანი მომსახურება, საჯარო დაწესებულებების მოდერნიზაცია და მათი ფუნქციონირების ეფექტიანად წარმართვაა.
“ჩვენ რამდენიმე თვეა მერიასთან ერთად ვთანამშრომლობთ იმ სფეროში, რასაც ჰქვია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის დანერგვა, რაც წინა მერის პირობებში ჩვენს მუნიციპალიტეტს და მის სერვისებს არ ჰქონდა. ჩვენ გადავდივართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე. გადავწყვიტე, რომ ჩვენმა ორმა უწყებამ კიდევ უფრო გააღრმაოს თანამშრომლობა. აქ იგულისხმება თბილისელებისთვის სერვისის მიწოდების სფეროში უფრო მეტი კომფორტის შექმნა, მეტი ინოვაციების დანერგვა, მერიის სერვისების კვლევა, რომელსაც ჩვენ 3-4 კვირაში ჩავატარებთ”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები