რა ეწერა უკრაინის პროკურატურის წერილში, სადაც მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე ქართულ მხარეს უარი ეთქვა

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარის წერილი საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის სახელზე გამოგზავნა, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ „მაესტროს ცხრიანში“ ჩართვისას განაცხადა. პროკურორის მოადგილის თქმით, წერილში მოტივებზე საუბარი არ ყოფილა.
„ჩემს სახელზე მოვიდა წერილი უკრაინის გენერალური პროკურატურიდან, სადაც არ იყო საუბარი არანაირ დევნაზე. წერილში მითითებული იყო, რომ ექსტრადიციის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არარსებობის გამო. წერილში დაზუსტებული არ არის მოტივები.
რაც შეეხება უკრაინის პროკურატურის პოზიციას, თუ რატომ არ დააკმაყოფილა ექსტრადიციის მოთხოვნა, ეს ფაქტია, რომ არ დააკმაყოფილა. რამდენად სამართლებრივად გამყარებულია, ეს მეორე საკითხია, მაგრამ ეს ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. გაცილებით მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი. აფასებს თუ არა  ქართველი ხალხი პოლიტიკური დევნად იმას, რომ  მიხეილ სააკაშვილის ბრალდება მოხდა ალექსანდრე გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ვალერი გელაშვილის ცემის სისხლის სამართლის საქმეზე, 7 ნოემბრის მშვიდობიანი აქციის დარბევის საქმეზე, „იმედში“ შეჭრის საქმეზე, ასევე სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე. ჩემი აზრით, საზოგადოება ფიქრობს, რომ ეს იყო სამართლიანობის აღდგენა“, – აღნიშნა პროკურორის მოადგილემ.
როგორც შოთაძემ განაცხადა, საქართველოს პროკურატურა შეეცდება, საერთაშორისო ინსტრუმენტებით შესაბამისი პროცედურების გაგრძელებას.
„უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და სუვერენული სახელმწიფოს პროკურატურის გადაწყვეტილებაა და ჩვენ მის რევიზიას ვერ მოვახდენთ. ჩვენ საერთაშორისო ინსტრუმენტებით შევეცდებით შესაბამისი პროცედურები გავაგრძელოთ“, – განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები