„პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბესო ხარძიანის სასტიკი მკვლელობა გამოძიებულ იქნას“

საქართველოს პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბესო ხარძიანის სასტიკი მკვლელობა გამოძიებულ იქნას და მკვლელები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ „მაესტროს ცხრიანში“ ჩართვისას განაცხადა.
შოთაძის ინფორმაციით, ხარძიანისთვის წილის ჩამორთმევის საქმის გამოძიება დასკვით ეტაპზე იყო მისული და ბიზნესმენი აქტიურად თანამშრომლობდა გამოძიებასთან.
„მინდა მივუსამძიმრო ბესო ხარძიანის ოჯახს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო.  ეს ჩვენთვისაც ძალიან სასტიკი შემთხვევა იყო. ნი ბესო ხარძიანი აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს პროკურატურასთან იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლის შესახებაც ის პროკურატურას პრეტენზიით მიმართავდა. მას იძულებით დაათმობინეს კუს ტბის წილები, რომლის შესახებაც ბოლო ხანს აქტიურად მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და ამ მოქმედებებში უშუალოდ და აქტიურად იყო ჩართული ბესო ხარძიანი. იგი ინფორმირებული იყო საქმის დეტალებზე და იცოდა, რომ დასკვნით ფაზაში შედიოდა პროცესი. შესაბამისად, ის, რაც მოხდა, ჩვენთვის არის ძალიან მძიმე შემთხვევა და საქართველოს პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს სასტიკი მკვლელობა გამოძიებულ იქნას და დამნაშავეები და მკვლელები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
პროკურორის მოადგილის განცხადებით, ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მრავალი საგამოძიეობო მოქმედება ჩატარებულია. შოთაძე საზოგადოებას და მედიას მოთმინებისკენ მოუწოდებს.
„მომხდარი ფაქტის შემდგომ საქართველოს პროკურატურაში შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, სადაც ჩართულია საქართველოს პროკურატურის ათეულობით გამომძიებელი. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიემო მოქმედებები, რომელთა გარეშეც საქმის ობიექტური გარემოებების დადგენა შეუძლებელი იქნება. ეს საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს 24-საათინ რეჟიმში, ასევე ჩვენს ოპერატიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს არის მიმდინარე პროცესი, თუმცა, გამოძიების ამ ეტაპზე შევიკავებ თავს საქმის დეტალებზე საუბრისაგან, ვინაიდან ეს დააზიანებს გამოძიების მიმდინარეობას და ხელს შეუშლის დამნაშავეთა მხილებას ამ საქმეში. მინდა მოვუწოდო ტელევიზიებს, ჟურნალისტებს, მინდა ვთხოვო საზოგადოებას და დაზარალებული ოჯახის წევრებს, რომ გამოიჩინოთ მოთმინება. პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ სასტიკი დანაშაულის ჩამდენი დამნაშავეები დაისაჯონ“, – აღნიშნა შოთაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები