საკრებულოში ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გარემოს დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა და დეპუტატებმა ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის პროექტის საბოლოო ვერსია განიხილეს.
საკრებულოს ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტზე, სპეციალურად ამ წესის დარეგულირების მიზნით შექნილი საკონსულტაციო საბჭო მუშაობდა და მასში ასევე, არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციების მიერ მიწოდებული რეკომენდაციებია გათვალისწინებული.
გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილის განცხადებით, კომისიამ იურიდიულ საკითხთა კომისიასთან ერთად აღნიშნული წესის თეზისებად შემუშავება განახორციელა, რის შემდეგაც დოკუმენტი თბილისის მერიაში გადაიგზავნა.
„დღეს ჩვენ განვიხილავთ პროექტს, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარის მიერ მოწოდებული ის შენიშვნები და რეკომედაციებია გათვალისწინებული, საზოგადოებისა და ცხოველების ინტერესების და უფლებების დაცვის რაციონალურ მექანიზმებს რომ შეიცავს და ადამიანისა და ცხოველის ჰარმონიულ თანაარსებობაზეა ორიენტირებული“, – აღნიშნა შორენა ბუხრაშვილმა.
იურუდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის ინიციატივით, სხდომაზე გატანილ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. მათ შორის, ცვლილება ცხოველების ევთანაზიასა და მოკვდინებასთან დაკავშირებულ საკითხს შეეხო და ცხოველთა მოკვდინების მეთოდების ჩამონათვალს კიდევ ერთი პუნქტი დაემატა. კერძოდ, წესის მიხედვით, დაუშვებელია ცხოველთა მოკვდინება დახრჩობით, გაგუდვით, მოწამვლით, ელექტრომუხტის გამოყენებით, მექანიკური დაზიანების მიყენებით, იძულებითი შიმშილით ან წყურვილით, პნევმატური იარაღით და სხვა არაჰუმანური მეთოდებით. აღნიშნული პროექტი დეპუტატებმა დადებითი რეკომენდაციით შეაფასეს და დოკუმენტი საკრებულოს ბიუროს სხდომაზე იქნება გატანილი განსახილველად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები