მინდია ჯანელიძე “თავისუფალ დემოკრატებს” თავშეკავებისკენ მოუწოდებს

თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე მიიჩნევს, რომ საფრანგეთთან საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების საკითხზე ბევრი და ღია ლაპარაკით ქვეყანას ზიანი ადგება. მინისტრი “თავისუფალ დემოკრატებს” მოუწოდებს, თავი შეიკაონ განცხადებებისგან და მშვიდად იყვნენ, რადგან ყველაფერი კარგად მიდის.
“კიდევ ერთხელ გავაკეთებ შემდეგ კომენტარს: რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ბატონი ალასანია და მისი პარტიის წევრები ამ საკითხზე, უფრო მეტი ზიანი მიადგება ჩვენს ქვეყანას. რაც შეეხება პროცესს, ძალიან წარმატებით მიმდინარეობს. ამაზე მეტს ვერ გეტყვით, რადგან იმ ხალხისგან განსხვავებით, ვინც ამ საკითხზე ღიად საუბრობს, მე სხვა პასუხისმგებლობა მაქვს, შესაბამისად, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. პროცესი წარმატებით მიმდინარეობს, ყველა ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, იდგმება. ამიტომ მოვუწოდებ მათ, რომ თავი შეიკავონ განცხადებების გაკეთებისგან და მშვიდად იყვნენ, იმიტომ რომ ყველაფერი კარგად მიდის”, – აღნიშნა ჯანელიძემ.
საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია სპეციალურ ბრიფინგს 3 აპრილს გამართავს. როგორც ცნობილია, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულ ხელშკრულებაზე ხელმოწერის შეჩერებას მინდია ჯანელიძე ითხოვდა, რომელიც ალასანიას მინისტრობის დროს კრიზისების მართვის საბჭოში მუშაობდა. ჯანელიძის თქმით კი, ხელშკრულება, რომელზეც ალასანია საუბრობს, რეალურად არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები