ირაკლი ალასანია: ე.წ. კაბელების საქმის წარმოება ჩრდილოკორეული სცენარით მიმდინარეობს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმის წარმოება ჩრდილოკორეული სცენარით მიმდინარეობს. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი არ გამორიცხავს, რომ სხვა პირების პასუხისგებაში მიცემაც მოხდეს.
“ეს არის ჩრდილოკორეული, საუკეთესო ტრადიციებში გაკეთებული სცენარი, რომ საქმე, ზოგადად, რაღაცაზე გახსნილია და როცა უნდა ბატონ ივანიშვილს, მაშინ მიაწერენ ამა თუ იმ გვარს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის და ჩვენი სამართლისთვის, ასევე მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის ძალიან დამაზიანებელია ასეთი ჩრდილოკორეული სცენარით საქმის წარმოება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ალასანიას შეფასებით, წინასასამართლო სხდომის გადადება აუტანელია, რადგან ხუთი უდანაშაულო ადამიანი, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეზე არიან დაკავებულნი, კიდევ ორი კვირის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში უნდა დარჩნენ.
“ყველაზე სამწუხარო ჩვენთვის, ბრალდებულების ოჯახებისთვის, მეგობრებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც სამართალს ვეძებთ, არის ის, რომ ეს ხუთი უდანაშაულო კაცი კიდევ ორი კვირა უნდა იყოს წინასწარ პატიმრობაში. ეს არის აუტანელი, ძალიან მძიმე ყველასთვის, რომ უდანაშაულო ხალხი კიდევ 15 დღე ციხეში იქნება”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 15 აპრილს, 11:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები