„ახალგაზრდა ადვოკატები“ სამგორის გამგებელს მოუწოდებს, ლაშა ცანავას სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩეროს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სამგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას წინადადებით მიმართავს, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში, საკადრო პოლიტიკას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს და კადრები, რომლებიც 2003-2012 წლების მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებში აქტიურად მონაწილეობდნენ, სათანადო შესწავლისა და რეაგირების გარეშე არ დარჩეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა ჩოქური რეაგირებას არ ახდენს მუნიციპალიტეტში დასაქმებული ლაშა ცანავას საქმესთან დაკავშირებით, რომელიც წარმოდგენილი მასალებით, 2009 წლის 15 ივნისის თბილისის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის დარბევის მონაწილეა. ორგანიზაცია სწავლობს 2009 წლის 15 ივნისის აქციის დარბევის შდეგად დაზარალებული მოქალაქე გიორგი ჩითარიშვილის საქმეს. გიორგი ჩითარიშვილის მიერ მოწოდებული ვიდეომასალიდან ცნობილი ხდება ლაშა ცანავას მოქმედებები, რომელიც უშუალოდ სცემს აქციის მონაწილე გიორგი ჩითარიშვილს.
არსებული ინფორმაციით, ლაშა ცანავა დღემდე სამგორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელია, რომელიც საქმიანობს წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით “პირველ პრესკლუბში” გამართულ ბრიფინგზე, 2009 წლის 15 ივნისის დარბეული აქციის მონაწილე, დაზარალებულმა გიორგი ჩითარიშვილმაც ისაუბრა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ რეკომენდაციით მიმართავს სამგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რათა განმარტებები გაკეთდეს საჯარო სამსახურში 2009 წლის 15 ივნისის აქციის დაშლის მონაწილის დასაქმებასთან დაკავშირებით, რამდენად პასუხობს ასეთი საკადრო პოლიტიკა საზოგადოებრივ ინტერესებსა და სამართლიანობის აღდგენის პროცესს. ამასთან, ორგანიზაცია მუნიციპალიტეტის გამგებელს მოუწოდებს, თანამშრომელთან დაკავშირებული შემთხვევა შეისწავლოს და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედოს, სამსაუხრეობრივი უფლებამოსილება შეუჩეროს/შეუწყვიტოს ლაშა ცანავას.
გიორგი ჩითარიშვილი 2009 წლის 15 ივნისის დარბევაში მის მიმართ ლაშა ცანავას მხრიდან ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურას საჩივრით მიმართავს და მოითხოვს როგორც პირად საქმესთან მიმართებით, ასევე 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის დარბევის ფაქტზე, პროკურატურამ დროული გამოძიება მოახდინოს. ორგანიზაცია, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და პიროვნების უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ საქმეზე სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას პრიორიტეტული ხარისხი უნდა მიენიჭოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები