ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ ე. წ. კაბელების საქმე ხუთი პირის სრულად გამართლებით დასრულდება

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ სასამართლო განხილვებისას ე. წ. კაბელების საქმე ხუთი პირის სრულად გამართლებით დასრულდება. ამის შესახებ ალასანიამ საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა. “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი სასამართლო სხდომას დაესწრება.
“დღეს მთავარი საკითხია გადასაწყვეტი – ივანიშვილის პირად პატიმრებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებს თუ არა სასამართლო, ეს არის მნიშვნელოვანი, რატომ არის ეს ხუთი ადამიანი წინასწარ პატიმრობაში ამდენ ხანს, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, როდესაც ის საექსპერტო დასკვნაც კი, რომელიც პროკურატურას მათი დაკავების საფუძვლად ჰქონდა, თვითონ უარყო საგამოძიებო უწყებამ. პრაქტიკულად ახალი ექსპერტიზა დანიშნა”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მისი თქმით, დღეს გამოიკვეთება, რამდენად აქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ. ე.წ. კაბელების საქმეზე. 5 პირის მიმართ გამოძიება დასრულებულია.
მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გასული წლის ნოემბერში დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა, კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ. დაკავებულები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები