ე.წ.კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარებს. თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატები დღეს მტკიცებულებებს წარადგენენ და რამდენიმე შუამდგომლობასაც დააყენებენ. ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებით, სხვადასხვა შუამდგომლობასთან ერთად ე.წ.კაბელების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლასაც მოითხოვენ. ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარის ყველა შუამდგომლობა, რომლითაც სასამართლოს მიმართავს, არგუმენტირებული იქნება.
“დაცვის მხარის მტკიცებულებები არის წონადი მტკიცებულებები. 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მტკიცებულებები ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობას ადასტურებს, ხოლო ბრალდებას დაკავების დღიდან არანაირი მტკიცებულებები არ აქვს წარმოდგენილი”, – განაცხადა ლევან სამუშიამ.
ე.წ. კაბელების საქმეზე 5 პირის მიმართ გამოძიება დასრულებულია. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები გასული წლის ნოემბერში დააკავა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად ედებათ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა, კომპანია “სილქნეტის” სასარგებლოდ. დაკავებულები არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.