პრეზიდენტი თოფაძეს პასუხობს და მზადაა ბიზნესის ხელშეწყობისთვის პიარი განახორციელოს

საქართველოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს ჟურნალისტებთან ერთად ყველა იმ საწარმოს ეწვიოს, რომელიც ხელისუფლების მმართველობის დროს გაიხსნა და ამოქმედდა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა, იგი მზად არის საქართველოში ბიზნესის განვითარებისათვის მეტი პოპულარობა გაუწიოს ყველა საწარმოს.
„მზად ვარ, საქართველოში ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, მთავრობის პოზიტიური დინამიკის მხარდასაჭერად პიარის კონცენტრაცია მოვახდინო და წავიდე იმ საწარმოებში, რომლებსაც მეტყვიან და დამისახელებენ. ბუნებრივია, ჩემი იქ ჩასვლა, მედია-აქტიურობა პოპულარიზაციას მოახდენს ამ პროცესზე. დარწმუნებული ვარ, ყველა ჟურნალისტი დაინტრესდება ჩემი ვიზიტით ამ საწარმოებში“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
სწორედ ამ კომენტარით უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გოგი თოფაძეს, რომელმაც დღეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჟურნალისტებს ობიექტურობა დაუწუნა და გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, რომ აღნიშნული საქმით დაინტერესდეს. კერძოდ კი, თოფაძე აცხადებს, რომ ქართული მედია საქართველოში საწარმოების აშენებას არ აშუქებს.
“მე მინდა გთხოვოთ, რომ თუ გექნებათ დრო, იქნებ მოიცალოთ და მინდა, რომ თქვენ ნახოთ ის ობიექტები, რომლებიც ამ პირობებში აშენდა საქართველოში. ეს არ არის 10, 30, ეს უფრო მეტია. სამწუხაროდ, ამას არავინ არ აჩვენებს. თქვენ ალბათ გაგიხარდებათ, თუ თქვენ ამ ობიექტებს ნახავთ. ეს, თითქმის ყველა, აშენებულია შეღავათიანი ფონდების მეშვეობით და მათი ნახვა და გამოქვეყნება ნებმისმიერ ქართველს გაუხარდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ამით არ ინტერესდება ჩვენი მედია და წამყვანი არხები. სამწუხაროდ, ისეთ საკითხებში აკრიტიკებენ ხელისუფლებას, რომელიც ირონულ ღიმილს იწვევს. ლაპარაკია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუშაობაზე. გავიხსენოთ ის დაყაჩაღებული ბიზნესმენები, წვალება, ტანჯვა, დღეს რა უფლება გავქვს, ვაკრიტიკოთ ის დეპარტამენტი, რომელიც დღეს ძალიან ბევრ სიკეთეს აკეთებს”, – აცხადებს თოფაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები