შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
უწყებაში განმარტავენ, თუ როგორ შეძლებს მოსახლეობა დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებას.
“კვირა” შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სსიპ შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, უფლება გაქვთ, შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრავი შემოსავლიდან გამოქვითოთ დაუბეგრავი მინიმუმი – 1800 ლარი – და მოითხოვოთ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება.

კერძოდ, თუ თქვენ მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მოცემულ შემთხვევაში უფლება გაქვთ მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოთ 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.

ამ მიზნით, 2015 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, საშუალება გეძლევათ შეავსოთ დეკლარაცია, პირადი ნომრის მითითებით გაარკვიოთ, სარგებლობთ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შემდეგ შეავსოთ ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოთ თქვენთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობა.

თუ თქვენ არ მიეკუთვნებით დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირთა კატეგორიას, დეკლარაციაში პირადი ნომრის მითითების შემდგომ ვეღარ განაგრძობთ დეკლარაციის შევსებას და ამის შესახებ სისტემა გაცნობებთ.

დეკლარირება შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით ან/და მითითებული საბანკო დაწესებულების მეშვეობით. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდგომ, თქვენ მიერ დეკლარაციაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე, დაგიბრუნდებათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა „დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ“ დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 თვის განმავლობაში.

ამასთან, თუ თქვენ 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე არ გისარგებლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შეგიძლიათ მიმართოთ შემოსავლების სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის სატელეფონო ცენტრს შემდეგ ნომერზე: (995 32) 22 99 299, ან მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@rs.ge. ასევე, შეგიძლიათ გაეცნოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: www.rs.ge განთავსებულ ხშირად დასმულ კითხვებს“, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები