ოპოზიციის ტაში პარლამენტში და მარგველაშვილის რეპლიკა: “მომწონს” (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ფარული მიყურადების შესახებ კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები დემოკრატიული განვითარების პროცესში განსაკუთრებით მრავლისმეტყველია.

მარგველაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დაინტერესდა, რა ინტერესმა გააერთიანა პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა ფარული მოსმენების შესახებ მის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის ჩასაგდებად. პრეზიდენტის ამ დაინტერესებას ხმაური მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა პრეზიდენტს გამოსვლა შეაწყვეტინეს და ჰკითხეს, თუ რა შუაში იყო საპარლამენტო უმცირესობა მოსმენების შესახებ კანონის მიღებასთან და პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული კანონის პროექტის ჩაგდებასთან. ამასთან, საპარლამენტო ოპოზიციამ ტაში დაუკრა, რასაც მარგველაშვილის რეპლიკა: “ძალიან მომწონს” მოჰყვა.

„ქვეყნის განვითარებისთვის უმთავრესი მამოძრავებელი ძალა ჩვენი მაქალაქეები არიან. მათი ნიჭი და შესაძლებლობები მხოლოდ დაცულობასა და თავისუფლების პირობებში ვლინდება. ამიტომ უსაფრთხოებასთან ერთად უპირველესი ამოცანა რჩება დემოკრატიის გაძლიერება და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ხშირად გვესმის, რომ ამ თვალსაზრისით წინა ხელისუფლებასთან შედარებით ვითარება ბევრად უკეთესია. და, ბუნებრივია, ეს ასეც არის, მაგრამ, ვფიქრობ, რომ დროა მომავალზე ვიფიქროთ, უნდა გამოვიდეთ იმ მოთხოვნებიდან, რასაც ჩვენი მიზანი, თანამედროვე ევროპული სახელმწიფო გვიყენებს. დემოკრატიის გაძლიერება მუდმივი პროცესია და არასდროს დადგება დღე, როდესაც შეიძლება, კმაყოფილები ვიყოთ, რომ სასურველს მივაღწიეთ. მაგრამ გავაკეთეთ კი დღეისთვის საკმარისი ამ თვალსაზრისით?
ამ მხრივ განსაკუთრებით მრავლისმეტყველია ე.წ. ფარული მიყურადების შესახებ განვითარებული მოვლენები. სწორედ ამ საკითხზე გამოვიყენე პირველად მე ვეტოს უფლება. გასულ წლებში ფარული მოსმენისა და მიყურადების დევნის მწვავე შედეგები მოსახლეობის დიდმა ნაწილმა თავის თავზე იწვნია. არავის სურს თავის თავზე ამ ვითარების კიდევ ერთხელ გამეორება. მაშ, რა ინტერესმა გააერთიანა პარლამენტში უმრავლესობა და უმცირესობა ჩემ მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის ჩასაგდებად და რეალურად ისეთი კანონის მისაღებად, რომელსაც მხარს არ უჭერს არც საზოგადოება და არც საერთაშორისო ორგანიზაციები? საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სასამართლოს გაძლიერების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თუმცა ცვლილებათა მიუხედავად ნათელია, რომ სასამართლოს რეფორმირებას მეტი სტიმული სჭირდება“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები