რა ეტაპზეა ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმის გამოძიება – ადვოკატი დეტალებზე საუბრობს

ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე 24-საათიანი რეჟიმით გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზა მიმდინარეობს, – ამის შესახებ ხარძიანების ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ „ტელეიმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.  ადვოკატის თქმით, საგამოძიებო მოქმედებები იმ ტექნიკური მხარის გავლას გულისხმობს, რაც საბოლოოდ, მკვლელის მაიდენტიფიცირებელ ფოტორობოტის ჩამოყალიბებამდე მივა.
„24-საათიანი რეჟიმით ის გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და ექსპერტიზა მიმდინარეობს, რომელიც სათანადო კვლევა-ძიებას საჭიროებს. საუბარია რამდენიმე ტყვიის გასროლაზე. ჯერ უნდა დადგინდეს რომელი ტყვიის გასროლის მერე და როდის დადგა ეს სიკვდილი, რა კავშირშია ერთმანეთთან, სად იყო პირველი გასროლა… ამას ექსპერტები დააგენენ და ამის შემდეგ უნდა განისაზღვროს სწორედ სავარაუდო თავდამსხმელის პოზიციები: ზემოდან ჩამოვიდა, შემოვიდა თუ შიგნით დახვდა, რადგან ზოგადად, მოწმეთა ჩვენებები იძლევა იმის ვარაუდს, რომ ზუსტად, კონკრეტულად იქნეს თავდამსხმელის პოზიციები გამოთვლილი და ამას აკეთებს გამოძიება ახლა. ექსპერტიზის შედეგებს სჭირდება გარკვეული პერიოდი, ამის მერე შედგება ის ფოტორობოტი, რომელიც იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა“, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
შეგახსენებთ, რომ ბესო ხარძიანი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან 28 მარტს მოკლეს. ბიზნესმენი ცეცხლნასროლი ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. პროკურატურაში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა როგორც მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის, ასევე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორ-გამომძიებლებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები