რუსეთიდან კაპიტალი ბელორუსიის გავლით გააქვთ
რუსეთიდან ფინანსური რესურსების გასატანად სულ უფრო ხშირად გამოიყენება ბელორუსია. ამის შესახებ ბელორუსიის პირველი არხის ეთერში სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიაჩესლავ რეუტმა განაცხადა. მისი თქმით, ბელორუსიის შესაბამის სამსახურებში საეჭვო ფინანსური ოპერაციების შესახებ ყოველდღიურად 400-ზე მეტი ასეთი შეტყობინება შედის. ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთის ფინანსურ-ეკონომიკური კრიზისი და მისი სრული საერთაშორისო იზოლაციის პერსპექტივა უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციის გამო, აიძულებს რუსეთის შეძლებულ მოქალაქეებს, საკუთარი ფინანსური რესურსების გადარჩენის საშუალებები ეძებონ. რუსეთის მოქალაქეების გარდა, საკუთარი კაპიტალის გადარჩენას ის უცხოური კომპანიებიც ცდილობენ, რომელთა ნაწილმა რუსეთის ბაზარი უკვე დატოვა.