ბესიკ ხარძიანს სამოქალაქო დავა გიორგი უდესიანისა და ჯიზელ ლინეტ ჯეინს სანჩეს დე კორნეზოს ფირმებთან ჰქონდა

ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს მისი ადვოკატი უკანასკნელად მკვლელობამდე ერთი დღით ადრე სააპელაციო სასამართლოში შეხვდა – ამის შესახებ „კვირას“ ადვოკატმა ლამარა კობალაძემ განუცხადა. მისი თქმით, გუშინ სააპელაციო სასამართლოში დღის 16.00 საათზე გამწესრიგებელი სხდომა უნდა გამართულიყო.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გუშინ სააპელაციო სასამართლოში ვნახე. გამწესრიგებელი სხდომა უნდა გამართულიყო. რა თქმა უნდა, ბესოც სასამართლოში იყო ჩვეულერბრივ ხასიათზე. მას ჩემთან არასდროს უსაუბრია რაიმე სახის მუქარის ზარების შესახებ“, – აღნიშნა ადვოკატმა ლამარა კობალაძემ.
როგორც ადვოკატი აცხადებს, სამოქალაქო დავაში, ბესიკ ხარძიანის გარდა კიდევ ორი ფირმა მონაწილეობს. კერძოდ, გიორგი უდესიანის „კუს ტბა კალასი“ და სს “უოლმილ სერვისი”. კობალაძის ინფორმაციით, პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული სამართლებრივი დავა ბესო ხარძიანმა მოიგო, ამის შემდეგ, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარემ გაასაჩივრა. მოწინააღმდეგე მხარე ფირმა „კუს ტბა კალასია, რომლის პარტნიორია სს “უოლმილ სერვისია”, რომელიც ასევე საკონტროლო პაკეტის მფლობელია.
როგორც „კვირას“ სს “უოლმილ სერვისის” ადვოკატმა გოჩა გოგიშვილმა განუცხადა, აღნიშნული ფირმა ოფშორულ ზონაში, პანამის რესპუბლიკაშია რეგისტრირებული. ადვოკატ გოჩა გოგიშვილის ინფორმაციით, სს “უოლმილ სერვისის“ გენერალური დირექტორი ქალბატონი ჯიზელ ლინეტ ჯეინს სანჩეს დე კორნეზოა. გოგიშვილის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში დავა მაისის შუა რიცხვებში გადაიდო. აღსანიშნავია, რომ კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი უდესიანის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, იგი „კუს ტბა – კალასის “ პატრნიორი 2005 წლიდან არის.
გიორგი უდესიანის ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს. უდესიანს კიდევ ერთი ადვოკატი დავით ასათიანიც ჰყავს, თუმცა იგი პირად ტელეფონს არ პასუხობს.
ბესიკ ხარძიანი დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ბიზნესმენი ცეცხლნასროლი ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები