დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის – ელექტრონული „დიასპორის ბიბლიოთეკის“ პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზები, სხვადასხვა პროგრამას, მათ შორის, ლექსიკონებს, ციფრულ ბიბლიოთეკას, ფოტომატიანეს მოიცავს, რომელიც შემდგომში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილ დიასპორულ ქსელში იქნება ინტეგრირებული. ელექტრონული ბიბლიოთეკა თანამემამულეებს მისცემს საშუალებას ადვილად მოიპოვონ მათთვის საინტერესო წიგნები. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაალ სარაჯიშვილმა პროექტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა: „ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში, შესაძლებლობა ექნებათ დიასპორული ელექტრონული ბიბლიოთეკით ისარგებლონ, სადაც განთავსებულია ქართველი მწერლების ნაწარმოებები“. ბიბლიოთეკა განთავსებული იქნება თანამემამულეთა სოციალურ ქსელში tanamemamule.ge-ში.
კომიტეტის წევრებმა აგრეთვე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოსა და დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს ამოცანას დიასპორული ორგანიზაციებისა და სათვისტომოების საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენს. საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას სახელმწიფო მინისტრი 3 წლის ვადით ამტკიცებს.
დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭო, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორებს შორის ურთიერთობის ინტენსიფიკაციის, სისტემატიზაციის და არსებული პრობლემების ერთიანი ძალისხმევით მოგვარების მიზნით, 2015-2017 წლებისათვის დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიასა და შესაბამის, სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.
შეხვედრაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ ეროვნული ბიბლიოთეკისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა: „ინფორმაცია, რომელიც მოვისმინეთ, მნიშვნელოვანია, რადგან ქართული დიასპორის წარმომადგენლებს აძლევს საშუალებას, ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში აქტიურად ჩაერთონ. დარწმუნებული ვარ, ასეთი ინტენსიური და კარგი ურთიერთობა კომიტეტსა და სახელმწიფო მინისტრის აპარატს შორის გაგრძელდება და კომიტეტი არა მარტო შენიშვნებს მოამზადებს საბჭოებთან და სტრატეგიებთან მიმართებაში, არამედ საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება და გარკვეული მოსაზრებები, ხედვები და ინიციატივები ექნება ამ მიმართულებით“, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები