საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ დაიწყო

საქართველოში მერვე საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ყოჩაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ და კონკურს „ალიანტეს“ კოორდინატორმა ნათია ცვარიანმა აცნობეს.
პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ევროატლანტიკური ალიანსის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. „ალიანტე“ 15-დან 19 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდების კონკურსია, რომელიც სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზეა გათვლილი. კონკურსი 4 რაუნდად განხორციელდება. I და II რაუნდი ზოგად ცოდნაზე დაფუძნებული კითხვებისგან შედგება. გამარჯვებული გუნდები ეროვნულ ფინალში ერთმანეთს ფიზიკურ გამძლეობასა და სხვადასხვა დაბრკოლების გადალახვაში შეეჯიბრებიან. ეროვნულ ფინალს საქართველო უმასპინძლებს, საერთაშორისო ფინალი კი ლიტვაში გაიმართება. ფინალში გამარჯვებული 5 გუნდი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოინახულებს.
კონკურსს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა ნაციონალური საბჭო“ ახორციელებს. პროექტის საერთაშორისო მხარდამჭერები არიან: ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლიტვისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. „ალიანტე“ უკვე 14 წელია ტარდება, საქართველო კონკურსს 2008 წელს შეუერთდა. მასში ყოველწლიურად ათასობით ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები