ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატსა და პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა – გუბელაძე ბრალდებას პასუხობს
ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატსა და პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. მას შემდეგ, რაც ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატებმა განცხადება გააკეთეს, რომ პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებები სრულად არ მიუღიათ, საქალაქო სასამართლოში საქმის პროკურორი ზვიად გუბელაძე მივიდა და ადვოკატი შოუს მოწყობაში დაადანაშაულა. მისი მტკიცებით, დაცვის მხარეს სრულად გადაეცა მტკიცებულებების ის ნაწილი, რომელიც საიდუმლოს არ შეიცავს. “მათ მიეცათ აღნიშნული მტკიცებულების გაცნობის საშუალება, თუმცა არ გადასცემიათ, იქიდან გამომდინარე, რომ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალებს”, – განაცხადა პროკურორმა. მისი თქმით, ადვოკატების განცხადება, რომ დაცვის მხარეს პროკურატურამ მხოლოდ მტკიცებულებების ნუსხაზე ხელმოწერა სთხოვა მტკიცებულებების გადაცემის გარეშე, არის აბსურდული. “არავითარი ცარიელი ოქმი არ ყოფილა. ჩვენ მტკიცებულებები დაცვის მხარეს გადავეცით. ისინი ითხოვდნენ, რომ კიდევ მოგვეხდინა აღნიშნული მასალების გადაცემა, თუმცა საპროცესო კოდექსით ასეთი რამ გათვალისწინებული არ არის”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ. პროკურორის მტკიცებით, ბრალდების მხარე მზად არის სასამართლოში პროცესისთვის. ამასთან, იგი გამოეხმაურა ადვოკატების კიდევ ერთ განცხადებას, რომ პროკურატურამ მთავარი ექსპერტიზა გუშინ დანიშნა. პროკურორ ზვიად გუბელაძის განმარტებით, ექსპერტიზა დაინიშნა ადვოკატების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე. “მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი ჩვენთვის იყო სრულიად გაუგებარი და აბსურდული და ამის გადასამოწმებლად დავნიშნეთ ექსპერტიზა, რომელზეც ველოდებით პასუხს. პროკურატურა სრულად მზად არის, მხარი დაუჭიროს სახელმწიფო ბრალდებას და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.