შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილები, მათ შორის ქალი დააკავა
თბილისის ინტერპოლის და რომის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროების თანამშრომლობის შედეგად თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავეს. საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იძებნებოდნენ 1982 წელს დაბადებული თამარ კობერიძე და 1967 წელს დაბადებული იოსებ მეზვრიშვილი.
2013 წელს თამარ კობერიძემ, იოსებ მეზვრიშვილთან ერთად, იტალიიდან ავტომობილების საქართველოში იმპორტის მიზნით დააფუძნა შპს „იტალავტო“. კომპანიის დამფუძნებლები თაღლითური განზრახვით კლიენტებს სთავაზობდნენ შემცირებულ ფასებს, მოსალაპარაკებლად იყენებდნენ კომერციულად მოსახერხებელ საშუალებას და მეტი სანდოობისთვის SKYPE-ის საშუალებით ახორციელებდნენ იტალიაში არსებული ავტომობილების საქართველოში პოტენციური მყიდველებისათვის ჩვენებას. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე თამარ კობერიძემ და მისმა თანამზრახველმა იოსებ მეზვრიშვილმა გააფორმეს საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება 21 კლიენტთან და თაღლითურად მიითვისეს დაახლოებით 180 000 ევროს ოდენობის თანხა, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.
შსს-ს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ აღნიშნული პიროვნებები წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში 2015 წლის 10 მარტს გამოცხადდნენ. თბილისის ინტერპოლის მიერ ინტერპოლის წევრ სახელმწიფოებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა თამარ კობერიძის და იოსებ მეზვრიშვილის ლოკალიზების და დაკავების მიზნით. ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებული პიროვნებები იტალიაში იმყოფებოდნენ.
თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე, იტალიის ქალაქ რობერბელაში დააკავეს თამარ კობერიძე და იოსებ მეზვრიშვილი. ამჟამად მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.