ირაკლი ღარიბაშვილი წინა ხელისუფლებას „სამარცხვინოს“ უწოდებს
„საბედისწერო შეცდომა ის იყო, რომ ჩვენ 9 წლის განმავლობაში სამარცხვინო ხელისუფლება გვყავდა“,- ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.
„ძალიან კარგად ვიცი, თუ რა იყო მოსახლეობის დაკვეთა 2012 წელს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. „ჩვენ მემკვიდრეობით ათასობით გამოუძიებელი საქმე დაგვხვდა და ეს დღესაც სერიოზულ გამოწვევად რჩება“. პრემიერის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად გამჭვირვალედ ცდილობს ამ პროცესის წარმართვას. რაც შეეხება ევროპარლამენტში კრიტიკულ გამონათქვამებს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ და საუბარს პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე, ღარიბაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან ევროპის „სახალხო პარტიის“ წევრები და, ბუნებრივია, ისინი მათ სოლიდარობას უცხადებენ.
„ჩვენ სრულ ინფორმაციას ვაწვდით ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ხელისუფლება, მისი სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობენ სრულიად გამჭვირვალედ. ამისთვის ჩვენ პროკურატურაში მაღალკვალიფიციური უცხოელი ექსპერტები მივიწვიეთ. ეს საქმეები სასამრთლოში გაგრძელებას იმსახურებს. ღია ვართ ყოველთვის, კრიტიკას ვიღებთ და ვცდილობთ, ყველა ადამიანის მიმართ, ჩვენი კოალოციის ან მის ფარგლებს გარეთ, ობიექტურები ვიყოთ“, – აცხადებს ღარიბაშვილი. „ყველამ დაიმახსოვროს, რომ კანონზე მაღლა ვერ დადგება“, – აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.