ალასანიას პასუხი ღარიბაშვილს: პრემიერმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და რა არის სპეკულაცია
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ უპასუხა. ალასანიას შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და რა არის სპეკულაცია.
ალასანია ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს, რომ თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელისშეშლა სახელმწიფოს მავნებლობაა.
“პრემიერ-მინისტრმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და რა არის სპეკულაცია. მისთვის სპეკულაციაა სიმართლის თქმა, ვაჟკაცობა ჰგონია, როდესაც უდანაშაულო ადამიანებს ატყვევებ და პროკურატურას პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებ. უცხო სიტყვათა განმარტებითი ლექსიკონიდან პრემიერს კიდევ ერთ განმარტებას მივცემ და ვეტყვი, რომ თავდაცვითი შეიარაღების გადმოცემაზე ხელისშეშლა არის სახელმწიფოს მავნებლობა. საკითხი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა და, რა თქმა უნდა, მის ტექნიკურ დეტალებზე არ მისაუბრია და არც ვისაუბრებ, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ხელშეშლა რომ იყო, ეს არის ფაქტი. ამაზე მას მომავალში პასუხი მოეთხოვება”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.