„პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პრეზიდენტი გარკვეულ უხერხულობაში ჩააყენა“
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტში პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრა.
ხუნდაძის განცხადებით, პრეზიდენტს მისივე ადმინისტრაციამ გარკვეული უხერხულობა შეუქმნა იმით, რომ პარლამენტს მისი სიტყვის გამოსვლაზე დასაწრებად მთავრობის მოწვევა დაავალა.
„პრეზიდენტი არ არის პირდაპირი ხელმძღვანელი და ანგარიშვალდებული მთავრობის წინაშე. კონსტიტუციით ვალდებულება, რომ პრეზიდენტის გამოსვლას მთავრობა დაესწროს, არ არის. ოპოზიციის კრიტიკა იმაზე, რომ რატომ არ იმართება დებატები, გაუგებარია. როცა პრეტენზიები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და მინისტრებთან აქვს ოპოზიციას, პრეზიდენტის მიმართ რატომ უნდა ატყდეს ეს აურზაური?
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ თვითონ პრეზიდენტი გარკვეულ უხერხულობაში ჩააყენა, როცა პარლამენტს რეკომენდაცია მისცა, რომ მთავრობა მოიწვიოს პარლამენტში. როცა პრეზიდენტი მთავრობას ეპატიჟება პარლამენტის დახმარებით და შემდეგ მთავრობა აცხადებს, რომ მას კონსტიტუციური ვალდებულება არ აქვს, გამოსვლას დაესწროს, ეს მიუპატიჟებლადაც რომ მოხდეს, უკეთესი იქნება და უხერხულობაც არ შეიქმნება. მე რომ ვიყო მთავრობის წევრი, მიპატიჟების გარეშეც მივიდოდი. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ უნდა გამოვიდნენ ფრაქციების ხელმძღვანელები, გაკეთდეს პოლიტიკური შეფასებები და არ დაიდგას შოუ. საზოგადოებას სიმშვიდე, ქვეყნას კი პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.