ირაკლი ალასანიას განცხადებით, მინდია ჯანელიძე არასდროს ყოფილა გადაწყვეტილების მიმღები
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მინდია ჯანელიძე რეალურად არასდროს ყოფილა გადაწყვეტილების მიმღები და ის მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებებს აჟღერებდა. ალასანიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საფრანგეთში ვიზიტისას საჰაერო უსაფრთხოების შეიარაღების გადმოცემაზე მოლაპარაკებისას მინდია ჯანელიძემ ნამდვილად დაურეკა და უთხრა, რომ დოკუმენტისთვის ხელი არ მოეწერა.
“როდესაც საფრანგეთში ჩემს კოლეგას და თავდაცვის ინდუსტრიებს შევხვდი, საუბარი და მოლაპარაკებები იყო საჰაერო თავდაცვაზე, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მივიღე არასწორი მითითება, როდესაც მანამდე ეს ყველაფერი უსაფრთხოების კაბინეტში იყო შეთანხმებული, ამ არასწორ მითითებას არ დავემორჩილე და შეთანხმებას ხელი მოვაწერე. თუკი საქართველოს აქვს იმის შანსი, რომ მიიღოს თავდაცვითი შეიარაღება საფრანგეთიდან, ეს შეთანხმების გაფორმების წყალობითაა”, – განაცხადა ალასანიამ.