„ნაციონალურ მოძრაობას“ ვუწოდებ სექტას, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული არ არის“
“ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე პროცესები შეაფერხოს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუგებარი სექტა უწოდა და თავისუფლების მოედანზე 21 მარტს გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 21 მარტის აქციის ჩასატარებლად რამდენიმე მილიონი დახარჯა.
“რა უნდა დაუპირისპიროს მთავრობამ და მოსახლეობამ სიცრუის კამპანიას?! – სიმართლე – ეს არის ჩემი პასუხი. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ სიმართლე და მოსახლეობას უნდა განვუმარტოთ ის პროცესები, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს.
“ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტიკა და მსოფლმხედველობა გაჯერებულია ტყუილით, აგრესიით, ძალადობით, სადიზმით, სისასტიკით. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მთელი 9-წლიანი საქმიანობის მოკლე აღწერა. ის ფაქტი, რომ მათ გამართეს აქცია და მოითხოვეს საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობის გადადგომა, ეს სასაცილოა და სერიოზულ კომენტარსაც ვერ გავაკეთებ. ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული რაღაც გაუგებარ, მე არ მინდა ეს სიტყვა წარმოვთქვა, მაგრამ სხვა ვერაფერს ვუწოდებ, თუ არა სექტას, რომლებიც არ არიან ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე. მათი ამოცანაა, დესტრუქცია და შფოთვა შემოიტანონ. მით უმეტეს, ამის ყველა საშუალება აქვთ – აქვთ ყველაზე მძლავრი მედიასაშუალება და ჰყავთ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ კანონს გარეთ არეულობა შემოიტანონ მოსახლეობაში, მაგრამ სახელმწიფო მათ კანონის ფარგლებში ადეკვატურ პასუხს გასცემს. არავის არ ვურჩევ, არც “ნაციონალურ მოძრაობას”, ყველაზე დესტრუქციულ ძალას ქვეყანაში, რაიმე ფორმით, რაიმე სახით რაიმე დაგეგმოს. სახელმწიფო იქნება ძალიან დაუნდობელი კანონის ფარგლებში”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, “ნაციონალებს” ჰქონდათ უფლება, ჩაეტარებინათ ძალით და ფულით მოგროვილი ხალხით აქცია, თუმცა ამ ხალხმა უნდა გაიგოს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე პროცესები შეაფერხოს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ეს იყო სასაცილო აქცია, სადაც თქვეს, რომ განაწყენდა თურმე 10 000 კაცი და მთავრობა უნდა გადადგეს.