ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თაღლითური სქემა გაშიფრა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 2013-2014 წლებში ქ. თბილისის დიდუბის, ჩუღურეთის, მთაწმინდის რაიონის გამგეობებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა შპს „არადელის“ დამფუძნებელი და დირექტორი ბიჭიკო ტიტვინიძე.
საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ცნობით, ამავე საქმეზე ყალბი დასკვნის გაცემის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა კერძო საექსპერტო დაწესებულების შპს „ახალი საქქალაქმშენპროექტის“ დირექტორი ბაკურ მირიანაშვილი და ექსპერტი გიორგი ლაშხი.
“გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „არადელის“ დირექტორმა ბიჭიკო ტიტვინიძემ ქ. თბილისის მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებში გადახურვის სამუშაოების და სახლების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების წარმოებისას, გამგეობებისთვის წარდგენილ შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) შეიტანა ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდა შესრულებულ სამუშაოთა მოცულობა და ღირებულება და მოტყუებით დაეუფლა ქ. თბილისის გამგეობების კუთვნილ 109 808 ლარს. ხოლო შპს „ახალი საქქალაქმშენპროექტის“ დირექტორმა ბაკურ მირიანაშვილმა და მისმა თანამშრომელმა ექსპერტმა გიორგი ლაშხმა შპს „არადელის“ შესრულებლ სამუშაოებზე გასცეს ყალბი საექსპერტო დასკვნები, რითაც დაადასტურეს, თითქოსდა შესრულებული სამუშაოს აქტებში (ფორმა N2) დაფიქსირებული სამუშაოს მოცულობები შეესაბამებებოდა ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებს, რის საფუძველზეც გამგეობამ მშენებელს ჩაურიცხა თანხა, მაშინ როდესაც ეს სამუშაოები არ იყო შესრულებული.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე“,-აღნიშნავენ ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.