“პოლიტიკოსები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დაგვჭირდეს თქვენი მამაცობის ბრძოლაში ნახვა”

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის იუბილეზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სერჟანტთა სკოლის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა.
„გილოცავთ, ცენტრის დაარსებიდან 12 წლისთავს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ სამსახურისთვის, რომელსაც ეწევით სამშობლოსთვის. თქვენი პროფესიონალიზმის ამაღლება გარანტიაა იმის, რომ არასდროს არავის წაუცდეს ხელი ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდის შესალახად. თქვენი მომზადება, უნარი, ვაჟკაცობა გვაძლევს რწმენას იმისას, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება დაცული.
ჩვენი მოქალაქეების მშვიდი ძილი არ იქნება შელახული. თქვენ დგახართ სწორედ იქ, სადაც იდგნენ თქვენი მშობლები, თქვენი წინაპრები, სადაც არაერთი თაობა ქართველების იდგა საუკუნეების განმავლობაში იმ პირობების პირისპირ. იდგა ისეთ რეალობაში, როდესაც შეუძლებელი იყო გამარჯვება, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებდით.
ჩვენი სამხედრო მიღწევები არის ის, რომ დღეს საქართველო არსებობს, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და მსოფლიო რუკაზე გამქრალი იმპერიების ფონზე სახელმწიფო ამაყად არის დაფიქსირებული და მომავალშიც ასე ამაყად იდგება,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებითვე, პოლიტიკოსები დღეს ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამხედრო მოსამსახურეების გამოყენება ქვეყანას არ დასჭირდეს, თუმცა მაინც სიფხიზლეა საჭირო.
„დღეს ჩვენ ვზეიმობთ სახელს საქართველოს გმირის, გიორგი ანწუხელიძის და დღეს ჩვენ უკვდავყოფთ თქვენი შრომით, მუყაითობით მის სახელს. ამის მაგალითი არის ის, რომ მისი ოჯახის წევრები დღეს აქ იმყოფებიან და მათი შთამომავლებიც აქ იქნებიან. ვერავინ წაშლის მათ კვალს. ვერავინ შელახავს ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს და ღირსებას.
ამის საფუძველს მაძლევს ანწუხელიძის გმირობა. ამის საფუძველს მაძლევს დღევანდელი თქვენი მომზადება. ჩვენ გავაკეთებთ, პოლიტიკოსები, ყველაფერს იმისთვის, რომ არ დაგვჭირდეს თქვენი ნიჭის, უნარის, მამაცობის ბრძოლაში ნახვა, მაგრამ ამავე დროს, უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დღეს დაარსებიდან 12 წელი შეუსრულდა. იუბილეზე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები