კახიანი დუმბაძეს პასუხობს: უმრავლესობის შიგნით ახალი ფრაქციის შექმნა არ იგეგმება
პარლამენტის ვიცე-სპიკერის მურმან დუმბაძის მიერ „კვირას“ პრესკლუბში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მიერ პარლამენტში ახლო მომავალში ახალი ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას ეხებოდა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი გამოეხმაურა.
როგორც კახიანმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, უმრავლესობის შიგნით ახალი ფრაქციის შექმნა არ იგეგმება. კახიანის ვარაუდით, ეს ალბათ უფრო მურმან დუმბაძის სურვილია, ვიდრე რაიმე რეალურ ფაქტზე დამყარებული ინფორმაცია. „მურმან დუმბაძე ბოლო დროს ძალიან უცნაურ განცხადებებს აკეთებს. არ მგონია, რომ უმრავლესობის შიგნით ახალი ფრაქციის შესაძლო შექმნაზე გაჟღერებული ინფორმაცია რაღაც რეალურს ემყარებოდეს. ეს ალბათ უფრო მისი სურვილია. ჩვენდა სამწუხაროდ, ის აღმოჩნდა პარლამენტის ერთადერთი წევრი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წამოწყებას შეუერთდა. პროცედურულად ახალი ფრაქციის შექმნას სჭირდება პარლამენტის 6 წევრი, მათ უნდა შეიმუშაონ პოლიტიკური პლატფორმა, ფრაქციის წესდება და ამ მომენტიდან ითვლება, რომ ახალი ფრაქცია არის შექმნილი. ფრაქციის შექმნა მხოლოდ მაჟორიტარებს შეუძლიათ, თუკი პარლამენტში შევიდა პარტია, შეიქმნა ფრაქცია, მათგან გამოყოფა და ცალკე ფრაქციის შექმნა შეუძლიათ მხოლოდ მაჟორიტარებს. პროპორციული სიით არჩეულ პარლამენტარებს არ შეუძლიათ გამოეყონ იმ ფრაქციას, რომელიც უკვე შექმნილია“,- განაცხადა გიორგი კახიანმა.